LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი ჰოლის წინაღმდეგ“ – როგორია გუდაურის ტრაგედიის ამერიკული პრეცედენტი

გუდაურში  დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დაღუპული ბავშვის ოჯახი და არსამთავრობო ორგანიზაციები საქალაქო სასამართლოს  განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

საქმის წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიჩნია,  რომ გიორგი ლიპატრელიანი, რომელიც 12 წლის სალომეს ზურგიდან დაეჯხა, უდანაშაულო იყო.

„გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს კანონი არ არეგულირებს და  ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა თავის თავში მოიცავს ტრავმებს,“ – წერს მოსამართლე განაჩენში.

 

საშიში პრეცედენტი სამთო-სათხილამურო კურორტებზე

 

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, გარდა კონკრეტულ საქმეში არსებული კითხვებისა,  სამთო- სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, საშიშ პრეცედენტს შემქმნელად მიაჩნიათ.

მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია, ვინაიდან იგი ეჭვქვეშ აყენებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის. ამით სასამართლო მიანიშნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, პასუხი არავის მოეთხოვება. შეუძლებელია, კანონში გაწერილი იყოს ყველა შესაძლო კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და საკუთარი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას,“ –  წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები თავის განცხადებაში.

 

 

ამერიკული პრეცედენტი „ხალხი ჰოლის წინააღმდეგ“

 

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ინციდენტი  აშშ-ში, კოლორადოს შტატში, 1997 წლის 20 აპრილს დაფიქსირდა.

სათხილამურო სეზონის ბოლო დღეს  საბაგირო სადგურის მორიგე ნათან ჰოლი მაღალი სიჩქარით  მის წინ მოსრიალე ადამიანს დაეჯახა და ადგილზე მოკლა.

საქმის განხილვა სამსამართლოში 3 წელი მიმდინარეობდა,  ფაქტს ჯერ კოლორადოს შტატის საოლქო სამასამართლო, შემდეგ სამხარეო, ბოლოს კი შტატის  უზენაესი სასამართლო განიხილავდა, რომელმაც საქმე ქვედა ინსტანციაში დააბრუნა.

საბოლოოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ნათან ჰოლი სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობასთან ერთად კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული პრეცედენტი  სასამართლო განხილვისას საქმეში ლიპარტელიანის ადვოკატმა შემოიტანა,  თუმცა, მხოლოდ ერთი ნაწილი  – კოლორადოს შტატის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელმაც საქმეს აცილება მისცეს. ლიპარტელიანის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მასალებში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ ამერიკული პრეცედენტი საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.

გუდაურის ინციდენტის მსგავსი ამერიკული პრეცედენტი  საინტერესოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამაც. საქმეში არსებული ამ და სხვა გარემოებების უკეთ შესწავლის მიზნით,  ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შემდეგ  განაჩენის გამოცხადება  25 აპრილამდე გადადო.

 

კამპანია #სამართლიანობისთვის#სალომესსახელით

 

საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლის მოთხოვნით, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორმა, ოჯახთან ერთად, კამპანია  #სამართლიანობისთვის # სალომესსახელით წამოიწყო.

კამპანიის მონაწილეები 25 აპრილს დაგეგმილ სასამართლო პროცესსაც დაესწრებიან.

როგორც გარდაცვლილის დედამ,  ნინო ჟვანიამ, „ფორტუნასთან“ აღნიშნა, გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად არანაირი საფუძველი არ არსებობს .

გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად საქალაქო სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, გვაქვს საუძვლიანი ეჭვი, რომ  მოსამართლე ლიპატრელიანებმა მოისყიდეს. მოსამართლე ბესიკ  ბუგიანიშვილი გაიყიდა. ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, სააპელაციო სასამართლომ იგივე განაჩენი გამოიტანოს,“ – ამბობს ნინო ჟვანია.

შეცვლის თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილს გამამართლებელ განაჩენს  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, ზეგ,   25 აპრილს, გახდება ცნობილი.

სასამართლო განხილვებს არ ესწრება ინციდენტში მონაწილე გიორგი ლიპარტელიანი. ოჯახის ინფორმაციით, ის სასწავლებლად პრაღაში იმყოფება.

გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის ოჯახი, განაჩენის შეუცვლელობის შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, მათი თქმით, თუ ქვეყნის შიგნით ვერ მოხერდება სამართლის დადგენა, საქმეს  ქვეყნის  გარეთ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები