LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ლონდონში, მრავალსართულიან სახლში – ხალხი მაშველებს გადარჩენას სთხოვს (ვიდეო)

104

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი მთელ შენობას მოედო.

ჩრდილო კენსინგტონში მდებარე გრენფელ თაუერში ხანძრის ჩასაქრობად 40 სახანძრო მანქანა და 200 მეხანძრე გაუშვეს, მათ ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ შეძლეს.

არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობამდე მისასვლელი გზები იმდენად ვიწროა, რომ სახანძრო მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად გაართულა სტიქიასთან ბრძოლა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, არის შენობის ჩამონგრევის რისკიც. პოლიცია ცდილობს, შენობის მიმდებარედ შეკრებილი ცნობისმოყვარეები შორს გაიყვანოს, რათა ჩამონგრევის შემთხვევაში არ დაშავდნენ.

ხალხის ევაკუაცია შენობიდან ამ დრომდე გრძელდება. არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სახლში ხანძრის დროს და რამდენის გამოყვანა მოხერხდა ამ დროისთვის.

უნობია ხანძრის გაჩენის მიზეზიც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში, დაახლოებით, 200 ბინაა.

რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, სახლში დარჩენილი მოქალაქეები შველას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები