საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი გზის 13 კმ-დან, გზის დაახლოებით 11 კმ-იან მონაკვეთზე, ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით.
ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.
უმნიშვნელოვანესი გზა – ასე უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურის ახალ შემოვლით გზას.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც, მან განაცხადა, რომ ახალი გზა საკმაოდ უსაფრთხო და საინტერესოა.