საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება, აგროტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მნიშვნელობის გაზრდა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა.
ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობა შეუძლია +14 ასაკის პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული მიმართულებებით.
50 მონაწილე, თითოეული პროექტის ფარგლებში, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად გაივლის ტრენინგებსა და ვორქშოპებს ბიოტექნოლოგიების, აგროტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მონაწილეები პარალელურად დაესწრებიან მენტორინგ სესიებს, რომლის დროსაც იმუშავებენ საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე, მეხუთე დღეს კი გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები საკუთარ იდეებს წარადგენენ.
ტექნოლოგიური კვირეული ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში (მის: თამარ მეფის ქუჩა #1, სამუსიკო სკოლის შენობა). პროექტის განმახორციელებელია თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool). პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს.
ტექნოლოგიური კვირეული საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით. პროექტის განმახორციელებელია Fireflies. პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს.