მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ფრაქცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
ხატია დეკანოძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი კომიკური ფიგურაა და მმართველი პარტიიდან ქალებს მოუწოდებს დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება.
„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ქალი პოლიტიკაში თავდასხმის ობიექტი, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ და დავგმოთ, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ხორციელდება ქალების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არის კომიკური, კარიკატურული ფიქურა და მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი მივმართავ მას, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედური რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ძალაა.
“მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
