რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისა და აშშ-ის სენატის მიერ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის დამტკიცების გამო აკრიტიკებს.
„რა თქმა უნდა, NATO უკრაინაში ჩართული იყო აქამდეც და ახლაც. ეჭვი არ არის, რომ ამ ყველაფრისთვის მზადება მიდიოდა პოლიტიკურად, საინფორმაციო კუთხით. ეს ყველაფერი მოხდა NATO-ს სტრუქტურების ხელმძღვანელობითა და კონტროლით“, – განაცხადა ზახაროვამ კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში.
მარია ზახაროვამ კონფლიქტის ესკალაციაში აშშ-ს დასდო ბრალი, რადგან, მისი თქმით, კიევის უკან ნორმანდიის ფორმატშიც კი, უშუალოდ აშშ მოქმედებდა.
„ასე რომ, ნორმანდიის ფორმატიც კი, მიუხედავად იმისა, როგორც თავად პოზიციონირებენ, მასში დასავლეთის ორი გიგანტი იყო ჩართული, გერმანიისა და საფრანგეთის სახით, ეს უნაყოფო იყო.
მათ ვერაფერს მიაღწიეს კიევთან, რადგან კიევის ყოველი სიტყვის უკან აშშ იდგა“, – თქვა ზახაროვამ და დასძინა, რომ NATO სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად უკრაინისთვის იარაღის გადაცემას განაგრძობს და ამწვავებს კონფლიქტს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
