საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელფასები და შემოსავლები ქვეყანაში იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება შენარჩუნებული, რისთვისაც ყველაფერი კეთდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრების დონე ქვეყანაში იმგვარად გავზარდოთ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდებოდეს. ეს მიიღწევა ხელფასების ზრდით, ხელფასების ზრდას კი წინ უნდა უძღოდეს და უძღვის ეკონომიკური ზრდა. გვესმის, რომ მაღალი ინფლაციაა, მაგრამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინფლაცია ნელი ტემპით, მაგრამ შემცირებას იწყებს. ხელფასები და შემოსავლები ქვეყანაში იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება შენარჩუნებული, რისთვისაც ყველაფერი კეთდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასი საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორის მაჩვენებელს დაუახლოვდეს.
საქსტატის დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, 2020 წელთან შედარებით, 11.2%-ით, 900 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 9.5%-ით გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.