LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი-პრეზიდენტი

83

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა.

„არჩევნები შედგა. შედგა მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი „თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის“. მისი თქმით, მეტი პარტია პარლამენტში მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს.

„პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მზად არის, დაამკვიდროს პრობლემურ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და შესთავაზოს ის საკითხები პარლამენტს, რომელიც მისი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხმების კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას.

„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ – დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას – ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დღესვე პარლამენტს მიმართა რეკომენდაციით, გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები.

მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტის სხდომას 139 დეპუტატი ესწრება.