LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება დასავლეთთან და გააღვივოს ანტიევროპული განწყობები საქართველოში – ეს ყველაფერი ხელს უწყობს რუსული ნარატივის საქართველოში დამკვიდრებას: კორნელი კაკაჩია

123
კორნელი-კაკაჩია

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა და პოლიტიკის მეცნიერმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შეიძლება კიდევ უფრო მეტი გაუცხოება გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს დასავლეთთან, კიდევ უფრო გააღვივოს ანტიევროპული განწყობები საქართველოში, რაც ხელს უწყობს რუსული ნარატივის საქართველოში დამკვიდრებას.

„ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. არსებობს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი და ამის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც აუცილებლად იქნება წამოყენებული და არამარტო საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ. საქართველო სამწუხაროდ არ ხვდება კანდიდატის სტატუსს, მაინც და მაინც კარგ ფორმაში და არის შესაძლებლობები, რომ საქართველოს სხვანაირი სტატუსი შეიძლება ჰქონდეს, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით. თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის ერთიანი მიდგომა, ზოგიერთი სახელმწიფო მხარს უჭერს ამ საკითხის გადაწყვეტას გეოპოლიტიკურ ჭრილში, მაგალითად რუსეთთან მიმართებაში, როდესაც დანარჩენი სახელმწიფოები ამას უყურებენ უფრო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა თვალსაზრისით, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანას არ სურს კანდიდატი სტატუსი მისცენ ისეთ ქვეყანას, რომელიც მზად არ არის ამისათვის.

ბოლომდე ვერ გავიგე რას ნიშნავს ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი გაუცხოება გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს დასავლეთთან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და კიდევ უფრო გააღვივოს ანტიევროპული განწყობები საქართველოში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს რუსული ნარატივის საქართველოში დამკვიდრებას“, – აცხადებს კაკაჩია. 

კორნელი კაკაჩია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმიანება თვლის, რომ პრეზიდენტს ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია, რადგან მას აქვს პირადი კონტაქტები ევროპელ პოლიტიკოსებთან. კორნელი კაკაჩიასთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აძლევს მმართველი გუნდი ზურაბიშვილს საშუალებას პირადი კონტაქტები გამოიყენოს და რჩება შთაბეჭდილება, რომ „ჩვენ თვითონ ვიხლით საკუთარ ფეხზე ტყვიას“.

„ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის როლი ევროპეიზაციის პროცესთან დაკავშირებით ნამდვილად დადებითია. ცდილობდა ეაქტიურა და დახმარებოდა საქართველოს იმ რეპუტაციული ზიანის გამოსასწორებლად, რომელიც მას მიადგა საქართველოს ხელისუფლების პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ზურაბიშვილს სრული თავისუფლება არ აქვს და მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოებას აუხსნას, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული პროცედურული პრობლემებია, თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ვიზიტი ევროპაში არ მოსწონს მმართველ ხელისუფლებას. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, მისი პერსონალურ საუბრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა ამ პროცესში. მართლა გაუგებარია მთავრობის პოზიცია. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ჩვენ თვითონ ვიხლით საკუთარ ფეხზე ტყვიას“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

პოპულალურები