LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლების შეტევა კრიტიკულ მედიაზე” – სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიების მხარდასაჭერ აქციას მართავენ

117
jkjkll

ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ იმ ტელევიზიებს, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. შეკრებილები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და  აცხადებენ, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის ხელისუფლების შეტევა კრიტიკულ მედიაზე.

„ჩვენ ვხედავთ შერჩევით სამართალს იმიტომ, რომ მედია საშუალება, რომელიც სახელმწიფო ნარატივს ავრცელებს, 60 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფოს ვალი, თუმცა ამ კომპანიას არანაირი პრობლემა არ ექმნება. იმ ტელევიზიებს აქვთ პრობლემა, რომლებიც სიმართლეს აშუქებენ და ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დახუროს ყველა ის მედია საშუალება, რომელიც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქციაზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდა.

ეს საერთო პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თუმცა ამ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად იძენს პუტინისტურ ხასიათს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინანსური დავალიანების საკითხი. ეს არის მედიების მოხრჩობის გზა. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ “კავკასიასთან” ერთად, რათა ეს ტელეარხი არ დაიხუროს. იგივე პრობლემა აქვს “ტვ პირველსაც” და მის მიმართაც სოლიდარულები ვართ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

“რატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, რომელთა დავალიანება 27 მილიონი ლარია”

“კავკასიის” შენობასთან ასევე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც მივიდა და ტელევიზიებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “კავკასიასა” და “ტვ პირველს” ყველა სახის ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება შეეზღუდათ. სამოქალაქო აქტივისტებმა ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლეს.

 

 

პოპულალურები