გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დროს ორ კვირაში 300-მდე ავტომანქანა დაჯარიმდა. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.
როგორ ხორციელდება ხილული გამონაბოლქვის კონტროლი?
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო.
კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ.
შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება მგზავრის გადაყვანა ან ტვირთის გადატანა და რომელსაც აღენიშნება ვიზუალური გამონაბოლქვი.
შემოწმდება როგორც ბენზინისა და დიზელის ძრავის მქონე, ასევე აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
რა ხდება სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში?
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1192-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:
ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) – 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით.
იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით. გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით.
თუ სამართალდამრღვევი ჯარიმას შესაბამის ვადაში არ გადაიხდის, დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
როგორ თავისუფლდება პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან?
პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება.
გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.