თბილისის თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯს სრულად აუნაზღაურებენ.
ირაკლი ხმალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, თბილისის მერიას დაზარალებულთა მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს.
“ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით, ამის პრობლემა არ დგას. ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომელიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე, პირადად დავურიცხავთ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცემერის განცხადებით, ამ ეტაპზე, სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისა და ექსპერტების დასკვნის შემდეგ, მომხდარ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
