2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლოში სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე პროკურატურის 4 მოწმეს დაკითხავენ.
როგორც საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, მოწმეები ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ტრაგედია მოხდა.
როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესს ბრალდებული გიორგი მენაბდე დისტანციურად დაესწრება.
შეგახსენებთ, შსს-მ გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით, მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
რაც შეეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარ ფაქტს:
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს.
მსჯავრდებულები იყვნენ: გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
მიხეილ კალანდიას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.