LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ მოზარდს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

75

ხორავას ქუჩის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ადვოკატი გოჩა კვარაცხელია მოზარდს უკვე შეხვდა. თუმცა, აღიარებს თუ არა ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამ თემაზე კვარაცხელია მედიასთან ჯერ არაფერს ამბობს. მოზარდი თბილისის მთავარ სამმართველოშია. მას ადვოკატი დღეს, 11:00 საათზე შეხვდება.

მოზარდის დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანმა გამოძიებას იდენტური ჩვენება მისცა, რაც სასამართლოს.

„მისცა ის ჩვენება, რაც სასამართლოში აქვს მიცემული. ჯერ ბრალის წარდგინება იქნება. დასამალი არაფერი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ბრალს აღიარებს, არ აღიარებს, ზეწოლასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერ გიდასტურებთ. გთხოვთ ხვალინდელ დღესაც დაველოდოთ და მერე ვნახოთ დანარჩენი,“-განაცხადა „რუსთავი 2“ საუბრისას დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით კი, საქმეში მოზარდის ორი განსხვავებული შინაარსის ჩვენება დევს. პირველი დ.ღ-მ წინასწარ გამოძიებას მიაწოდა, სადაც დეტალურად აღწერდა ინციდენტს და ამ ინციდენტში მონაწილეობაში ადანაშაულებდა მიხეილ კალანდიას. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კი მან მიხეილ კალანდიას მონაწილეობა ინციდენტში უარყო.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის მამა აცხადებს, რომ შვილის ორ ჩვენებას შორის მხოლოდ მცირე ცდომილება იყო.

„სანამ არ იქნება სასამართლო პროცესი, არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. უნდა გაირკვეს სასამართლოზე რა მოიტყუა რა არ მოიტყუა. მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია. რა ზეწოლა, რის ზეწოლა, რა ზეწოლაზეა ლაპარაკი,“-აცხადებს დაკავებული დ.ღ.-ს მამა.

არასრულწლოვანი დ.ღ.-ს დაკავების შემდეგ, სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ომბუდსმენი საქმეში არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ არასწრულწლოვნის დაკავებით გამოძიება დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.

„თეთრი ძაფები ნამდვილად ჩანს და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აბსოლუტურად გათვლადი იყო. არა მარტო დანაშაულში მონაწილე პირებზე არის საუბარი, არამედ ის პირები ვინც იყვნენ გამოძიებაზე პასუხისმგებლები, მათ მიმართაც დაიწყოს გამოძიება. იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვთვალეთ მთელი რიგი საკითხები, რაც მათ უნდა ჩაეტარებინათ და არ ჩაატარეს. ვფიქრობ, რომ იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა,“-აცხადებს სახალხო დამცველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g