თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ალოობის დასრულებამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დაეხმარება.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ,,წითელი ხიდის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 30-მდე ერთეული კომბაინი უკვე შემოვიდა.
სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მეზობელი ქვეყნის დახმარება თავთავიანი კულტურების რეკოდრული მოსავლის გამო დასჭირდა. აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები საქართველოს რეგიონებში გადანაწილდება და, ადგილობრივ ტექნიკასთან ერთად, მოსავლის აღებაში ჩაერთვება.
წელს მოსავლის აღება კახეთსა და ქართლში ერთდროულად მიმდინარეობს. 1 ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა ხორბალი მოვიდა, რაც ექსპერტული შეფასებით ძალიან კარგი მაჩვენებელია.
საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის, აზერბაიჯანული ტექნიკა საქართველოში 1 თვის განმავლობაში დარჩება.
