თბილისის მერიის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამის შეწყვეტას “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება.
ხოშტარია აცხადებს, რომ ომის პირობებში ეს გაუგონარი მტრული ნაბიჯია და მოუწოდებს საზოგადოებას, დაეხმარონ უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილები:
“ამ წუთებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანები სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოაგდო.
დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში. ეს არის მტრული და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას. არაერთი კომუნიკაცია მქონდა და სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების რესურსი ამოწურულია. თუ ეს ასე არ არის, მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესს და ხალხს, ვისაც შეუძლია სირცხვილი მოწმინდოს ჩვენს ქვეყანას და გვერდში დაუდგეს ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა.