ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში მომხდარ სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის თქმით, ზვავმა სოფელში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი და მის გვერდით არსებული ნაგებობა წაიღო, რა დროსაც სახლში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.
„მთელი ღამის განმავლობაში მაღალმთიან სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ის უკვე ამოვასვენეთ.
ზვავმა სახლთან ერთად დამხმარე ნაგებობაც წაიღო. ოჯახში 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო. რაც შეეხება მეზობლებს მათ საფრთხე არ ემუქრება. სოფლებთან მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრ ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები“, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.