„ჩემი პირადი პოზიცია არის ხისტი და უკომპრომისო – შეიძლება აპატიო რიგით დამნაშავეს, მაგრამ პირს, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი აბარია, არა! – არ შეიძლება ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და თქვა, რომ კანონი თანამდებობის პირების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე რიგით მოქალაქეებზე.
„მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დამნაშავე ხელმძღვანელს, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს“, – თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციის და თანამშრომლობის შესახებ წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება ეროვნულ შერიგებაზე. მისივე სიტყვებით, მოქმედი პრეზიდენტის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის გულწრფელობის, საკუთარ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.
ლადო კახაძე: ორ სიტყვას ვცემ ყველაზე მეტ დიდ პატივს, წიგნიც მაქვს – „მადლობ, ბოდიში“
„პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის პოლარიზაცია ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ნამდვილად აფერხებს. მაღალი პოლიტიკური კულტურა მოითხოვს თანამშრომლობას იმ შემთხვევაშიც, თუნდაც არ იყოს სრული თანხმობა გარკვეულ საკითხებზე. მაგრამ მაქვს კითხვა – განა ეს პოლარიზაცია ოპოზიციისგან მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედება არ არის?! განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაფრის უგულებელყოფა, მოლაპარაკებების ჩაშლა, ქუჩის აგრესიული აქციები, აღარ ვსაუბრობ სიძულვილის ენაზე, რომელიც ზღვასავით მოედინება მათგან და მათი მომხრეებისგან. დიახ, მე მომწონს პრეზიდენტის ინიციატივა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის მზაობა არ არის ოპოზიციაში. სიტყვიერი თანხმობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მზაობას, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ეროვნულ შერიგებაზე „სულ მცირე იმ ხალხის შეურაცხყოფაა, ვინც სიკვდილისთვის, წამებისთვის, დამცირებისთვის გაიმეტა, ვისაც საკუთარი სიამოვნებისთვის ფული მოჰპარა და დღეს მათზე კვლავ აგრძელებს სიტყვიერ ძალადობას“.
„ყველანი ვხვდებით, რომ ეს ციხიდან თავის დაღწევის ხრიკებია. არ შეიძლება ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას. პრეზიდენტობა ათასჯერ მეტი პასუხისმგებლობაა და ათასჯერ მეტად მოგეთხოვება.
თუკი დღეს შემოტანილი აქტუალური თემა ეროვნულ შერიგებაზე დამნაშავე პრეზიდენტის მიმართ ლიბერალურ სამართლებრივ ქმედებას გულისხმობს, ეს ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება დეპოლარიზაციას და თანამშრომლობას პოლიტიკურ აქტიორებსა და საზოგადოებას შორის, რა თქმა უნდა მისაღებია, თუკი ამის არა მარტო სიტყვიერი თანხმობა, არამედ საქმიანი მზაობა იქნება ოპოზიციაში, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება. არ შეიძლება ცალი ხელი შეთანხმებისთვის გქონდეს გაწვდილი და მეორე ხელში იარაღი გეჭიროს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
