ქართული სოფლის ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის მაღაზია ”ხურჯინი” გლეხებისგან პროდუქციას ჩაიბარებს. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სანდრო ხაჯალიამ განუცხადა, ”ხურჯინში” წარმოდგენილი პროდუქცია საქართველოს ყველა კუთხიდან იყრის თავს და როგორც ორიგინალური შეფუთვით, ასევე წონით იყიდება.
”განსაკუთებულად ვემზადებით საახალწლო პერიოდისთვის. ჩვენი მაღაზიისთვის პროდუქციის შესაძენად ისედაც ჩავდივართ ხოლმე საქართველოს რეგიონებში და ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობთ ნაწარმს. ახალი წლის პერიოდში კი პროდუქციის რაოდენობა, ბუნებრივია, გაორმაგდება. ”ხურჯინში” წარმოდგენილია: საკმაზები, სანელებლები, ჩურჩხელები, თაფლი, ქართული ჩაის სხვადასხვა სახეობა, თხილეული, მურაბები, ზეთი, ნატურალური წვენები, მწნილი, შებოლილი ყველი და სხვა პროდუქცია. რაც შეეხება ფასებს, ისინი მორგებულია მომხმარებელზე და ხშირ შემთხვევაში, იმაზე ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ბაზრებზე არსებული პროდუქცია”, – აღნიშნა ”ხურჯინის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, გარდა ნატურალური ნუგბარისა, ამიერიდან მომხმარებელი ”ხურჯინში” საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებისა და საჩუქრების შეძენასაც შეძლებს. ხაჯალიას თქმით, სათამაშოები და საჩუქრები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა იმპორტირებული და მათი ღირებულება საკმაოდ დაბალია.
ამასთან, როგორც სანდრო ხაჯალიამ განმარტა, ”ხურჯინის” სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის. რიგით მეორე მაღაზია კვლავ დედაქალაქში, 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
”ჩვენმა მაღაზიამ მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. მომხმარებლის სიმცირეს არ ვუჩივით. ტურისტულ სეზონზე დიდი დატვირთვით ვიმუშავეთ, ახლა კი ჩვენს კლიენტებს შორის უკვე ადგილობრივები ჭარბობენ. უშუალოდ მაღაზიის გარემო იმდენად ორიგინალურია და თბილისური მაღაზიებისგან განსხვავებული, რომ მომხმარებლის ყურადღებას იქცევს. მაღაზიაში ყველაფერი ხელნაკეთია, გვაქვს პატარა ორანჟერეაც”, – აღნიშნა ხაჯალიამ.
ცნობისთვის, ქართული სოფლის ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის მაღაზია ”ხურჯინი” თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნა.