ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კიდევ 3 ქალაქის მიმართულებით დაიწყება, კერძოდ, 2 ნოემბრიდან ანუ დღეიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრიდან, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა. საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.
