„2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
„სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.
განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.
ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო.
მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების – ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.