LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავას საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

75
1

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1 441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილების შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.

აღსანიშნავია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g