უკრაინული მედიის ცნობით, 3 მარტს დილის 1:40 საათის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა. აფეთქებები კიევის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
როგორც თვითმხილველებმა სააგენტო UNIAN-ს განუცხადეს, აფეთქებები ისმოდა პეჩერსკში, გოლოსეევოს რაიონში. აფეთქებები ასევე მოხდა ხალხთა მეგობრობის მეტროში.
ქალაქში განგაშია გამოცხადებული. დედაქალაქის ყველა მცხოვრებლებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ თავშესაფრებს შეაფარონ თავი.
ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მანამდე კი აფეთქება სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო „იბისას“ შორის განხორციელდა, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.