კიევში, სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი – ტაქსის მძღოლი და ტურისტები გაძარცვეს. ისინი ადგილობრივი დროით 04:30 საათისთვის დააკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად იყვნენ ჩასულები. ეჭვმიტანილთა დაკავებაში ხუთი საპატრულო ეკიპაჟი მონაწილეობდა.
ჩხრეკისას ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა. დაკავებულები შეეცადნენ ნაქურდალი ნივთების საკანალიზაციო ქსელში და პოლიციის მანქანების ქვეშ გადაყრას. დაკავებისას ქართველებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციის ცნობით, ისინი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ.
ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულები არა ქართველი, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ინფორმაცია მათ უკრაინელ კოლოგებთან გადაამოწმებს. შსს-ს ცნობით, უკრაინულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.