LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში „ოფთალმიჯი“ Alcon-ის წარმოების უმაღლესი კლასის ბროლით, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კატარაქტის ოპერაცია უფასოდ ტარდება

944
გია ჯავრიშვილი

კლინიკა „ოფთალმიჯი“ უკვე თითქმის 30 წელია, რაც ცდას არ აკლებს, რომ ყველა პაციენტმა, განურჩევლად მატერიალური მდგომარეობისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების მიღება შეძლოს. ამ თვალსაზრისით კლინიკას მნიშვნელოვანი სიახლე აქვს მათთვის, ვინც კატარაქტის ოპერაციას საჭიროებს.

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის – ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. კატარაქტა მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

გია ჯავრიშვილი, ოფთალმოლოგი, პროფესორი, კლინიკის „ოფთალმიჯი“ ხელმძღვანელი:

– ოფთალმოლოგიაში ყველაზე ხშირად კატარაქტის ოპერაცია ტარდება, ამიტომაც ოფთალმოლოგიის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, კატარაქტის ოპერაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ხელოვნური ბროლი, რომელიც თვალში შემღვრეული ბროლის ნაცვლად იდგმება. საბოლოო შედეგი სწორედ ამ ბროლზეა დამოკიდებული – მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ არის პაციენტი ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს, არამედ სამი-ხუთი წლის შემდეგაც.

წლების მანძილზე ჩვენ, განსაკუთრებით საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ე.წ ბიუჯეტურ ბროლებს ვიყენებდით. დღეს უმაღლესი კატეგორიის ბროლებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უშვებს, თუმცა ცალკე დგას Alcon-ის წარმოების პრემიალური კლასის ბროლი, რომელსაც ნიუ-იორკისა და პარიზის წამყვანი კლინიკები იყენებენ. Alcon-ის ბროლი საქართველოში საკმაოდ ძვირია და პაციენტს, მისი არჩევის შემთხვევაში, ოპერაციაზე თანხის დამატება უხდებოდა. საბედნიეროდ, დღეს უკვე, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ამ ბროლებს უსასყიდლოდ ვიყენებთ. ეს განაპირობა იმან, რომ „ოფთალმიჯი“ წელიწადში, დაახლოებით, 6000-6500 ოპერაციას აკეთებდა. როდესაც კომპანია Alcon-ს დავუკავშირდით და მოველაპარაკეთ, რომ მთლიანად მის პროდუქციაზე გადავდიოდით, მან ფასები გაგვინახევრა. ამ შეღავათმა, საქართველოს მასშტაბით, წელიწადში 8000 ოპერაციაზე ასვლის საშუალება მოგვცა.

– რამდენად ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის კატარაქტის წინასაოპერაციო კვლევებიც?

– უპირველესად, აღვნიშნოთ, რომ ასეთი ოპერაციის გასაკეთებლად პაციენტს შორს წასვლა არ უნდა სჭირდებოდეს. რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსვლა ბევრ ნიუანსთანაა დაკავშირებული – იქნება ეს დამატებითი ხარჯი, ოპერაციისას თანმხლები პირის საჭიროება, თუ სხვა. ამიტომ, როცა გაქვს ფილიალები, ასევე, ოპერაციების ადგილზე გასაკეთებლად გაგაჩნია მოძრავი საოპერაციო ბლოკი, პაციენტებისთვის მხოლოდ ზრდი ხელმისაწვდომობას. ჩვენთან წინასაოპერაციო კვლევები 120 ლარი ღირს. ამ თანხის გარდა პაციენტი აღარაფერს იხდის და იღებს იმ უმაღლესი კატეგორიის მომსახურებას, რომელიც ზემოთ აღვნიშნე.

როცა კატარაქტის ოპერაციის კეთება დავიწყე, დაახლოებით, 30 წლის წინ, ხშირად მხვდებოდა ე.წ. მწიფე და გადამწიფებული კატარაქტების შემთხვევები (აი, შორიდანაც რომ ჩანს, რომ პაციენტს თეთრი აქვს გუგა). ახლა ისე განვითარდა ტექნოლოგიები და სადაზღვევო ბაზარი, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის მიმართულება, რომ ასეთ გადამწიფებულ შემთხვევებს ვეღარც ნახავთ. ამაღლდა პაციენტის შინაგანი კულტურაც – მხედველობის კუთხით ცოტათი შეწუხებულიც კი აკითხავს ექიმს. როცა საქმე კატარაქტას ეხება, ოპერაცია რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი.

კატარაქტის ქირურგიაში ტექნოლოგიური პროგრესი გამოიხატება ორი რამით – ეს არის ბროლი (ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უკეთესი და უკეთესი შეთავაზებები გვაქვს მწარმოებლისგან) და აპარატურა, რომელიც ისე იხვეწება, რომ თუ, მაგალითად, პაციენტს 30-40 პროცენტით აკლია მხედველობა, ჩვენ გვიჩენს პრეტენზიას, რომ ოპერაციის შემდეგ მან 100 პროცენტით დაინახოს, და დაინახოს არა ერთი კვირის შემდეგ, არამედ მეორე დღესვე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მხოლოდ წვეთებით მიმდინარეობს და შეიძლება, ისიც არ იყოს საჭირო.

– ფაქტობრივად, თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის პროდუქცია არა მხოლოდ პაციენტს უუმჯობესებს ცხოვრებას, შრომას უმარტივებს ექიმსაც.

– რა თქმა უნდა, ექიმის შინაგანი კომფორტი მნიშვნელოვანია – ის თავისუფლად მოქმედებს როცა იცის, ოპერაციის დროს როგორ ტექნიკაზე მუშაობს, მეორე დღეს რა შედეგი ელოდება. თუკი ადრე დღეში 10 ოპერაციას ვაკეთებდი, ახლა ეს რიცხვი 30-მდე გაიზარდა, რადგან თითოეულ ოპერაციას დღეს უკვე მხოლოდ 7-8 წუთი სჭირდება.

– ბატონო გია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელზეც გვსურს ყურადღების გამახვილება, ოფთალმოლოგიის სფეროს სცდება და ის თქვენი, როგორც სახვითი ხელოვნების დიდი ქომაგის წამოწყებას უკავშირდება. იაკობ ნიკოლაძეზეც აპირებთ დოკუმენტური ფილმის გადაღებას.

– იქიდან გამომდინარე, რომ ორი მხატვრის (მამიდა – რუსუდან ჯავრიშვილი და დედის ბიძა – დავით წერეთელი) შთამომავალი ვარ და მათი მემკვიდრეობა მე დამრჩა მოსავლელად, როცა კლინიკა ავაშენე, მის სივრცეში საგამოფენო დარბაზიც გავითვალისწინე, სადაც 2-3 თვეში ერთხელ ახალი გამოფენა იხსნება. შემდეგ ამას დაემატა ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფი“ ახალგაზრდა მხატვრებისთვის (გამარჯვებულებისთვის პარიზში ტარდება მასტერკლასები). აი, ამ ხაზს ცოტა რომ გავყევი, ბედის გაღიმება იყო, ალბათ, რომ მოვხვდი პროექტში, რომლის წყალობითაც სიმონიკა დადიანის შემოქმედება პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმიც მომზადდა, რომელიც საინტერესოა არა ერთი მხატვრის, ერთი გვარის – დადიანების, არამედ ჩვენი ემიგრაციის ისტორიის თვალსაზრისით. ძალიან მინდა, ყველამ ნახოს ის, მათ შორის ახალგაზრდებმა. მეორე პროექტი უკავშირდება ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს შალვა ქიქოძეს. სწორედ ამ პროექტის წყალობით  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერის შესასვლელთან მისი მემორიალი დაიდგა. რაც შეეხება მესამე პროექტს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, ისიც პარიზს უკავშირდება და ეს არის მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, იგი 6 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში, აქედან 1 წელი ოგიუსტ რენე როდენთან, რომელიც საკმაოდ მძიმე პიროვნება იყო (ცნობილია, რომ მასთან დიდხანს ვერ ძლებდნენ სამუშაოდ ჩასული სკულპტორები). სხვათა შორის, იაკობმა შემდეგ დაწერა კიდეც წიგნი „ერთი წელი როდენთან“. ქალბატონ ნინო ხოფერიასთან ერთად, ფილმთან დაკავშირებით, აქტიური მიმოწერა ვაწარმოვეთ როდენის მუზეუმთან და ამ მიმოწერამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მუზეუმში იაკობ ნიკოლაძესთან დაკავშირებული მასალები აღმოჩნდა. პარიზში აპრილის ბოლოს მიწევს ჩასვლა და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა. შემდეგ, ალბათ, გადაღების პროცესიც დაიწყება. ვნახოთ, რა გამოგვივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g