LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლოდ მონე, ფრიდა კალო, სალვადორ დალი, ვან გოგი – მხატვრების სახლები ,,ვოგის” ობიექტივში

435
mansions

პროვანსი, ესპანური სოფლები თუ პარიზის გარეუბანი… ,,ვოგი” ცნობილი მხატვრების სახლების მინი ტურს გვთავაზობს და ეს ტური მთელ მსოფლიოს მოიცავს.

კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

კლოდ მონე ჟივერნიში 1883 წლის 29 აპრილს გადავიდა. ათობით გენიალური ტილოს შექმნის ინსპირაცია ხელოვანის სახლს და მის გარშემო არსებულ პეიზაჟებს უკავშირდება. ჟივერნი ეს არის მიწიერი სამოთხე, რომელიც პარიზიდან სულ რაღაც 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მონე ქალაქში მეუღლესა და 8 შვილთან ერთად დასახლდა და დიდი ხნის ოცნებაც აიხდინა, სახლის გარშემო ზღაპრული ბაღი გააშენა. მონე ბაღისთვის ყველა ყვავილს საკუთარი გემოვნებით არჩევდა, იგი თავად იყო მებაღეც და დეკორატორიც.

მონეს სახლ–მუზეუმი დღემდე ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფრიდა კალოს სახლი მექსიკაში

თუკი მეხიკოში მოხვდებით, მაშინ „ლურჯი სახლი“ აუცილებლად უნდა მოინახულოთ. კოიოკანის ცენტრში ე.წ. La Casa Azul–ის წინ მუდმივად ვიზიტორთა რიგები დგას. ლამაზი ვილა, მექსიკური ტრადიციის მიხედვითაა გაფორმებული და არტისტმა იქ თავისი სიცოცლის დიდი ნაწილი გაატარა. სახლი 1904 წელს ფრიდას მამამ შეიძინა და ეს სწორედ ის სახლია, სადაც ფრიდა გარდაიცვალა. სახლში მხატვრის პირადი ნივთები ისევე როგორც ნახატები, დღემდე ხელუხლებლადაა შენახული.

სალვადორ დალის სახლი პორტ–ლიგატში

კოსტა–ბრავას სანაპიროზე მდებარე პატარა სოფელ პორტ–ლიგატში სალვადორ დალი 1930–იან წლებში გადავიდა. გალას სიკდვილამდე, 1982 წლამდე მხატვარი სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდა და ერთ–ერთ გორაკზე თავისი გემოვნებით სახლიც აიშენა.

დალის სახლი, რომელსაც თავზე დიდი თეთრი კვერცხი ამშვენებს, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ ნაგებობად ითვლება. დღესდღეობით სახლში მუზეუმია გახსნილი და მნახველებს საოცარი დიზაინით ხიბლავს.

ვინსენტ ვან გოგის საძინებელი Auvers-sur-Oise–ში

პარიზის გარეუბანში მდებარე ერთი ოთახი, სადაც ვან გოგი 1990 წლის 20 მაისიდან ცხოვრობდა, დღესდღეობით ცარიელია. ოთახში თითქოს არაფერია სანახავი, თუმცა ასეთ დროს წარმოსახვა გასაოცრად მუშაობს. პატარა ოთახი, რომელიც ვან გოგის ხანიდან ხელუხლებლადაა შენარჩუნებული, მხატვრის ცხოვრების და გარდაცვალების ისტორიას ინახავს. გარდაცვლილი გენიოსი რამდენიმე დღე სწორედ ამ ოთახში იყო დასვენებული.

ოგიუსტ როდენის სახლი მიოდონიში

ოგიუსტ როდენმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი 20 წელი მეუღლესთან ერთად პარიზის სიახლოვეს, მიოდონიში გაატარა და იქვეა დაკრძალული. ულამაზესი ვილა სახლ–მუზეუმადაა ქცეული და ხელოვანის ნამუშევრების ნაწილის დათვალიერება ვიზიტორებს სწორედ აქ შეუძლიათ.

პოლ სეზანის სახლი ექს–ან–პროვანსში

პოლ სეზანის უკეთ გასაცნობად ექს–ან–პროვანსში მის მშობლიურ სახლს უნდა ეწვიოთ. ულამაზესი ლანდშაფტი, ღია კაფეები და სახლი რომლის ეზოშიც არაერთი გენიალური ტილო შეიქმნა.

უამრავი სუვენირით, ავეჯით და სეზანის პირადი ნივთებით, მისი სახლი ამჟამად სახლ–მუზეუმადაა ქცეული.

ოგიუსტ რენუარის სახლი Cagnes-sur-Mer–ში

ფრანგულ კომუნაში მხატვარმა ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. ზეთიხილისა და ციტრუსის ხეებით გარშემორტყმული სახლი ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც ხელოვანს სურდა. სახლში 1960–იან წლებში მუზეუმი გაიხსნა, 2013 წელს კი ის მთლიანად განახლდა.

გუსტავ მოროს სახლი პარიზში

გუსტავ მორომ თავისი ნახატების უმრავლესობა სიცოცხლის ბოლოს დახატა. სახლში სადაც ის დაიბადა, მოგვიანებით მან სახელოსნო გახსნა და იქ ძალიან დიდ დროს ატარებდა. მოგვიანებით კი ეს სივრცე მუზეუმად გადაკეთდა და დღეს მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

https://www.vogue.fr/fashion-culture/article/artists-houses-visit-lifetime-travel-must-see-frida-kahlo-claude-monet-salvador-dali?utm_medium=Social&utm_social-type=owned&utm_source=Facebook&utm_brand=vogue-paris&Echobox=1612523343&fbclid=IwAR38ouDmP1NScdVEegwuwDMoJeiDyLl1RshA2VelGToYP1YX2APx4hBgoLQ

პოპულალურები