LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელი: “ისედაც გაკოტრებულ ბიზნესებს ამხელა ჯარიმა რატომ დაგვაკისრეს?”

225
mtkvarze-news

კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელი და მფლობელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის წერს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთანხმებით ამუშავდნენ და თანხები დახარჯეს იმისთვის, რომ რეგულაციები დაეცვათ, მათი ისედაც გაკოტრებული ბიზნესები 10000 ლარით დააჯარიმეს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ პანდემიის პერიოდში, მას შემდეგ რაც კომენდანტის საათი მოიხსნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველკვირეულად არა ერთი ივენთი ტარდება სადაც დიჯეი ელექტრონულ მუსიკას უკრავს. თუმცა ღია ივენთების ჩატარება იმ პერიოდში აკრძალული იყო და სულ რაღაც ორი კვირაა რაც „ვითომ“ დაშვებულია. ახლა ავხსნი რას ნიშნავს ეს „ვითომ“.

ამდენი ხნის მანძილზე ის კლუბები და ფესტივალები, რომლებიც, ჩემი აზრით ამ სფეროს ძირითად ბირთვს წარმოვადგენთ, არ ვაკეთებდით ივენთებს და სისტემატიურ კონტაქტში ვიყავით ხელუსუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. გვეძახდნენ შეხვედრებზე, როგორც კულტურის და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. გვითანხმებდნენ რეგულაციებს (ვინ რას გვეკითხებოდა, მარა გვითანხმებდნენ). ივნისის ბოლოს ერთ-ერთ შეხვედრაზე რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდა, მოგვახსენეს თუ როდიდან და რა წესების დაცვით შევძლებდით ღია ივენთების ჩატარებას. ეს დადგენილება ძალაში შეხვედრიდან 1 კვირაში შევიდა და ჩვენც დავგეგმეთ ივენთები.

პირველივე უიქენდზე თითქმის ყველა ეს ივენთი დაგვაჯარიმეს 10000 ლარით. დაჯარიმების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ივენთი, სადაც ელექტრონული მუსიკა იკვრება ან დიჯეი უკრავს, არ გაიყვანეს კულტურის და შემოქმედების სფეროში, გაიყვანეს გართობის სფეროში და შესაბამისად, საერთოდ ივენთის ჩატარების უფლებაც არ გვქონია.

ამ ქვეყანაში აბსურდული სიტუაციები იმდენად ყოველდღიური და ბუნებრივია, რომ მივეჩვიეთ და ხშირ შემთხევაში აღარც გვაკვირვებს, მაგრამ ეს უკვე მიზანმიმართულ მოქმედებას ჰგავს, ამ სფეროს სამუდამოდ და საბოლოოდ გასანადგურებლად. რას გვეძახდნენ ამ შეხვედრებზე და რას გვითანხმებდნენ მაშინ ამ რეგულაციებს, თუ ეს ჩვენ არ გვეხებოდა. რატომ ჩასახეს იმედი, რომ ელემენტარული შემოსავალი გაუჩნდებოდა ხალხს, ვინც ამ სფეროში მუშაობს? რატომ დაგვახარჯინეს დამატებითი თანხები, რომ მოვრგებულიყავით ახალ წესებს? რატომ დაგვაკისრეს ამხელა ჯარიმა, ისედაც გაკოტრებულ ბიზნესებს?

გავასაჩივრებთ, ვიბრძოლებთ და იმედია გადავრჩებით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g