LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: ლარიზაციის პროექტი გრძელვადიანია

37

ლარიზაციის პროექტი და პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ, გრძელვადიანია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“არაერთხელ მითქვამს, რომ ამ მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებები ძალიან მალე მოხდეს. როგორც მინიმუმ, 5 ან 10- წლიანი ჰორიზონტის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა არის. 2016 წლის ბოლოს, საბანკო სექტორში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო 71.4%, ხოლო 2017 წლის სექტემბერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი არის 65.4%. რაც შეეხება საბანკო სექტორში სესხების დოლარიზაციას, 2016 წლის ბოლოს 65.2% იყო, 2017 წლის სექტემბერის ბოლოს – 56.5%. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციას თუ შევხედავთ საბანკო სექტორში, ის 2016 წლის ბოლოს 58.4%-დან 46.2%-მდე შემცირდა”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციაზეც ისაუბრა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მაგალითად, 3%-ია, ჩვენ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს, -აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

“მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა მესამე კვარტლის განმავლობაში პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. მინდა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის დავუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან. ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი იქნება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მაგალითად, 3%-ია, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-დან 3%-მდე, ანუ 3% არ არის ზღვარი. ანუ ვგულსხმობთ ინფლაციას 3 %-თან ახლოს. ამასთან, ფაქტობრივი ინფლაცია ეგზოგენური შოკების გამო ზოგჯერ 3%-ზე მაღალი, ზოგჯერ 3%-ზე დაბალი იქნება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი წლიური მაჩვენებელი 4%-ია, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები