“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს დესტრუქცია და შიმშილობა.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, არც მათს აქციებს აქვს ქუჩაში მუხტი და აქედან გამომდინარე გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე:
“პოლიტიკაში წარმატებას, საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ – ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე.
მათ და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი, მინიმუმ, 6 წელი, სადაც იჯდება.” – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები, სააკაშვილის მხარდამჭერები, ადვოკატები და ექიმები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.