მარტვილის კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით შპს-ს „ოფუცხოის” გადაეცა.
როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, კანიონის რეაბილიტაციის და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადსცა შპს-ს „ოფუცხოის,“ რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული.
“სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აკეთებს ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია,”- განაცხადეს სამინისტროში.
თავდაპირველად მარტვილის კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლებაზე სამინისტრომ აუქციონი გამოაცხადა. გამოცხადებული აქციონის პირობები ითვალისწინებდა შემდეგ მოთხოვნებს:
მარტვილის კანიონზე განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ვიზიტორებს უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 20 ნავი. ნავების შეუფერხებელი მოძრაობისთვის დაცული უნდა იყოს 4 წუთიანი ინტერვალი, ნავებზე არ დაიშვებიან 6 წლამდე ბავშვები.
ასევე ვიზიტორებს მინიმუმ 20 გიდი უნდა ემსახურებოდეს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სანაოსნო მიმოსვლა მაშველების მეთვალყურეობით.
კომპანიაში 70 %-ით უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, დასაქმებულებს კი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგ–კურსები.
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო ახორციელებს.