22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალმა „ლასარე“, თბილისის მერიის თანადგომით, გამწვანების აქცია გამართა. კომპანიის ინიციატივით, სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიას, კერძოდ, ჰუალინგის რეკრეაციულ სივრცეს ახალი წიწვოვანი მცენარეები შეემატა.
კომპანია „ლასარეს“ მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის მარიამ ქარენაშვილის თქმით, დედაქალაქის გარემოსდაცვით აქტივობაში „ლასარეს“ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კომპანია მომავალშიც გეგმავს, აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი მიეცეს.
„ლასარე“ 34 წელია ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებს და ათეული წლებია სატვირთო გადაზიდვების სფეროს ავითარებს საქართველოში. ქართული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეკოლოგიაზე ზრუნვაა, ამას მოწმობს სატვირთო ტერმინალის სივრცეში არსებული მზის პანელები, ეკომეგობრული ელექტრო ტექნიკის გამოყენება სამუშაო პროცესში და არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა, რაც ნათლად გამოკვეთს კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.