კონფლიქტები ოჯახში და წყვილში, როგორ დავარეგულიროთ და როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობები – ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სოფო ბაკურაძემ ისაუბრა.
რა არის კონფლიქტის გაჩენის მიზეზი?
ორ ადამიანს შორის კონფლიქტის გაჩენის მიზეზი როგორ წესი არის მიმდინარე რაიმე პრობლემური, აქტუალური, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიტუაცია, როცა დამდგარ შედეგსა და ჩვენს მოლოდინს შორის არ არის თანხვედრა. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ ჩვენი მოლოდინები არ მართლდება.
ბუნებრივია, რომ ამაზე ადამიანს უჩნდება გარკვეული ტიპის რეაქცია. ამ დროს როგორც წესი ირჩევენ რეაგირების ორ გზას:
პირველი: როცა ჩუმდებიან და საერთოდ არ საუბრობენ იმ პრობლემაზე, რომელიც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მიაჩნიათ რომ ასე თავს აარიდებენ არასასიამოვნო საუბრებს, ჩუმდებიან, მაგრამ კონფლიქტური დაძაბულობა და უკმაყოფილება არ ქრება და როგორც წესი რჩება ჩვენთან დაუმუშავებელი სახით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოიღებს არასასიამოვნო ნაყოფს.
და მეორე როცა უკმაყოფილებას გამოხატავენ რადიკალური ფორმით (ყვირილი, ჩხუბი და ა.შ) უნდა ითქვას, რომ არც ერთი ეს რეაქციის გზა არ არის სწორი, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ ემსახურება კონფლიქტური კვანძის გახსნას.
მნიშვნელოვანია დავუკვირდეთ ჩვენი ქცევის პატერნი როგორია, როგორ ვიქცევით ხოლმე როცა რამე არ მოგვწონს, გვაბრაზებს ან გვწყინს. ვიბუტებით და ვამჯობინებთ რომ ჩვენი წყენა რაიმე სხვაზე გადავიტანოთ, მაგალითად, ვიწყებთ სახლის ლაგებას, გავრბივართ სამსახურში და გვიანობამდე არ მოვდივართ, ვიკეტებით საკუთარ სამყაროში ფანტაზიებში, შესაძლოა ალკოჰოლს ვეძალებით. თუ ვჩხუბობთ, ვყვირით, მაგრამ ვამჩნევთ რომ ჩვენი ეს რეაქცია მაინც არ ხდება სიტუაციის განმუხტვის მიზეზი.
რამდენად მნიშვნელოვანია ვერბალიზების მომენტი?
როგორც წესი კონფლიქტის დროს ხშირად ვერც კი ხერხდება სწორი ვერბალიზება იმისა, თუ რა იყო ის მოლოდინი, რომელიც ვერ გაამართლა ერთ-ერთმა პარტნიორმა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყვილი დაუკვირდეს რის გამო ხდება ხოლმე ძირითადად კონფლიქტები. თუ ჩვენ ვახერხებთ გავერკვეთ რა ხდება ჩვენი კონფლიქტის მიზეზი, ამაზე ვისაუბრებთ ღიად, შესაძლოა ძალიან ბევრ პრობლემას სამომავლოდ ავარიდოთ თავი და ბევრი პოტენციურ კონფლიქტს აღარ მივცეთ მეტად გაღრმავების საშუალება.
თუ ეს საუბარი არაფრის მომცემია, არასაკმარისია და ვაწყდებით ისეთ სიტუაციას, რასაც ხალხში ვუწოდებთ „სხვადასხვა ენაზე საუბარს“, როცა გვრჩება განცდა რომ პარტნიორს საერთოდ სხვა შეხედულება აქვს ისეთ რამეზე, რაც ჩვენ უტყუარი ჭეშმარიტება გვგონია, ეს იმას ნიშნავს რომ საქმე უფრო სიღრმისეულადაა და დგება უკვე საჭიროება გავარკვიოთ თუ, რატომ ხდება ასე.
აქ უკვე წინა პლანზე გამოდის ჩვენი რწმენა-წარმოდგენები, ჩვენი ოჯახური კონცეფციები, რომელსაც უტყუარ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ და გამალებულები ვცდილობთ დავიცვათ და ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. სწორედ ეს განსხვავებულობა ხდება წყვილში კონფლიქტების მიზეზი და თან ისე რომ ვერც ერთი ვერ აანალიზებს რომ შესაძლოა ის კონცეფციები ღირებულებები და ფასეულობები რომლითაც ხელმძღვანელობენ უკვე ნაკლებ აქტუალურია ან დესტრუქციულია.
ორი ადამიანის კავშირი ეს არის ორი მიკროკულტურალური სამყაროს ურთიერთობა, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი მოვდივართ იმ საოჯახო სისტემიდან რომელშიც გავიზარდეთ. აქ კი შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი, ასევე არ არსებობს ორი ერთნაირი ოჯახი, რომელსაც იდენტური ღირებულებები და ფასეულობები ექნება. როგორც წესი, თუ დავუკვირდებით აღმოვაჩენთ რომ კონფლიქტური სიტუაციების უკან ყოველთვის იმალება ის მოთხოვნილება, რაც ადამიანისათვის ძალიან ფასეული და ძვირფასია.
ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია ციკლურობა.
საწყის ეტაპზე ემოციური ფონით აღძრულებს გვიყვარდება ადამიანი და მიდრეკილი ვართ მისი გაიდეალიზებისაკენ. მერე ნელ-ნელა ხილული ხდება ის, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისაგან და ეს ხდება ხოლმე პირველი იმედგაცრუების მიზეზი.
გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახი ეს არის სისტემა, რომელიც განვითარების სხვადასხვა ფაზას გადის, უნდა გვახსოვდეს რომ ოჯახი შვილების გარეშე სულ სხვა ოჯახია და შვილის გაჩენის მერე სულ სხვა ეტაპზე გადადის. ოჯახი ერთი შვილით და ოჯახი რამდენიმე შვილით ეს უკვე სულ სხვა განვითარების საფეხურზე მყოფი ოჯახია. სულ სხვა მოცემულობის წინაშეა ოჯახი გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვებით. შესაბამისად, ამის უგულებელყოფა და პარტნიორისგან იმას მოთხოვნაა, რომ იყოს ისეთი როგორც ურთიერთობების დასაწყისში იყო, წარმოუდგენელია. უნდა გვახსოვდეს ასევე რომ ნორმატიულ კრიზისებთან ერთად წყვილში მყოფი ადამიანები განიცდიან არანორმატიულ კრიზისებსაც. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ერთ ერთის ავადმყოფობა, სამუშაოს დაკარგვა, სხვა პერსონალური ტიპის კრიზისები, რომელიც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.
შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ვეცდებით გავითვალისწინოთ ჩვენი განსხვავებულობები და ვისწავლოთ კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა სწორი კომუნიკაციის გზით, შესაძლოა ჩვენი ურთიერთობები მეტად ჰარმონიული გახდეს.