კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აიტექნიკთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. პრესრელიზის თანახმად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას დაევალა:
- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;
- მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;
- აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს კომპანიის სავაჭრო ობიექტში.
- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები.
- აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.