400 მეტრიანმა კონტეინერმზიდმა ხომალდმა, რომელმაც 6 დღის განმავლობაში სუეცის არხი გადაკეტა, დღეს გაცურვა შეძლო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სუეცის არხში მოძრაობა ჯერ არ განახლებულა. ხომალდი ამ დროისთვის მეჩეჩიდან ნაწილობრივ არის გაყვანილი და მის კურსს ახლა საბუქსირო გემები ასწორებენ.
კონტეინერმზიდმა 23 მარტს ძლიერი ქარის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის ერთ-ერთი ნაწილი გადაკეტა.
დიაგონალზე გაჩერებულმა ხომალდმა შეაჩერა ტრანსპორტის მიმოსვლა ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს სატრანზიტო მარშრუტზე.
უკვე მეექვსე დღეა სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება.
ამ დროის განმავლობაში კი სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა გათხრით სამუშაოებს აწარმოებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ამ სამუშაოებთან ერთად, წარმოქმნილი ტალღები გემს გადაადგილებაში დაეხმარებოდა.