„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მსურველებს დარეგისტრირება ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge შეუძლიათ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) თანადაფინანსებას განახორციელებს.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.
”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40%-ით დაფინანსდება”, – განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.
”სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 29 აგვისტოს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.