მსოფლიოს გარშემო ადამიანები ყოველდღიურად ვირუსდებიან ახალი კორონავირუსით. ვისაც ნაკლებად უმართლებს ამ ვირუსს ეწირება კიდეც, თუმცა ამავე მსოფლიოში არის საკმაოდ დიდი კლასტერი, ვინც ამბობს, რომ ვირუსის არსებობის არ სჯერა.
ამას ძალიან თავდაჯერებულად ამბობენ და თან კითხულობენ – აბა შენ გარშემო ვინმეს დაუდასტურდა ვირუსი? ეს ამ კლასტერის ყველაზე გავრცელებული კითხვაა.
ყველა ეპოქაში, ნებისმიერ პანდემიას მოჰყვება დეზინფორმაცია.
1980-იან, 90-იან და 2000-იან წლებში, ყველაზე აქტუალური იყო შიდსის შესახებ მითები. უამრავი ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ ის სამთავრობო ლაბორატორიებში შეიქმნა. ასევე ამბობდნენ, რომ ტესტები მცდარი იყო, ხოლო ამ დაავადების მკურნალობა თხის რძით შეიძლებოდა. ამ მითმა გაზარდა კრიზისი და რისკები.
ეს მითები, როგორც წესი, ყველაზე საზიანო მათთვისაა, ვისაც მისი სჯერა.
"მომდევნო ორ კვირაში დავინახავთ გვაქვს თუ არა სწრაფი აღმავლობა".
სიტუაცია საგანგაშოა?! - რას ელოდებიან ინფექციონისტები მომდევნო დღეებში
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ პანდემიის შესახებ არასწორ ინფორმაციას ჭკვიანი ადამიანებიც ხშირად იჯერებენ.
მითი I: კორონა არსებობს?
რეალურად, არსებობს თუ არა ვირუსი, ეს მას ვკითხეთ, ვისაც პირადად აქვს შეხება დავირუსებულ მასალასთან. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ მისთვის ამაზე პასუხი ძალიან მარტივია.
“ლაბორატორიები ვაკეთებთ დიაგნოსტიკას და სისხლის ნიმუშებში ხდება ვირუსის გამოყოფა. აქ ლაპარაკი არ არის თეორიულ ცოდნაზე, ინფიცირებულებისგან აღებულ მასალაში ლაბორატორიულად გამოიყოფა ვირუსის გენეტიკური მასალა. შესაბამისად, ვირუსი ფიზიკურად არსებობს და ის ნამდვილია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, ვხედავთ, რომ ნამდვილად პანდემიის პირობებში ვართ და უამრავი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით. ყველა სიკვდილის მაჩვენებელზე მაღალია წლევანდელი ვირუსის სტატისტიკა,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მითი II: მხოლოდ მოხუცები იღუპებიან
ეს სიმართლეც რომ იყოს, არანაირ არგუმენტად არ გამოდგება, რადგან ხანდაზმულებიც ისევე იმსახურებენ სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას, როგორც ახალგაზრდები. და თუ ამ არგუმენტის გამო, ახალგაზრდები თავს არ დაიცავენ, მათ ირგვლივ მყოფი მოხუცები უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნებიან.
“ამაში არის ლოგიკა, თუმცა მხოლოდ ხანდაზმულები არ იღუპებიან. თანმხლები დაავადების მქონე და ხანდაზმული ადამიანები ცოცხლობენ, ჩვენს ირგვლივ არიან, თან ძალიან დიდხანს. აუცილებელი არ არის, რომ გარდაიცვალონ. ეს ძალიან ცუდი არგუმენტია, თითქოს გამამართლებელია ამ პანდემიის. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მიდგომა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ასაკის მიუხედავად, უკიდურესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ჩვენ ვერ გამოვთვლით ადამიანს კიდევ რამდენხანს ჰქონდა სიცოცხლის ხანგრძლივობა” – ამბობს მაია ბუწაშვილი.
მითი III: ვირუსი ხელოვურად შექმნილია
თეორიულად ეს შესაძლებელია. პრაქტიკულად – არა.
“ასეთი დახვეწილი ტექნოლოგია, რომ მიზანმიმართულად რომელიღაც პოპულაციური ჯგუფი განადგურდეს, ამის ალბათობა ნულისკენ უფროა,” – ამბობს ინფექციონისტი და დასძენს, რომ ამ მოსაზრების მიზანიც ძალიან შორსაა რეალობისგან.
მითი IV: კორონამ შემთხვევით გაჟონა ლაბორატორიიდან
ამას შესაძლოა მითიც არ ვუწოდოთ. ეს არის მოსაზრება, რომელსაც სანამ მოკვლევები დასრულდება, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.
თუმცა, ამ დროისთვის არსებული ვერსია, რომ ვირუსი ცოცხალი მარკეტიდან გავრცელდა სრულიად დამაჯერებელია.

