„ბავშვები და კანის მოვლა“ – სხვადასხვა სოციალური მედიის საძიებო სისტემაში ამ სიტყვების ჩაწერისას ასობით მცირეწლოვანი გოგონას ვიდეოს (ზოგიერთი მათგანი სულ რაღაც სამი ან ოთხი წლისაა) აღმოაჩენთ, რომლებიც აღფრთოვანებას გამოხატავენ კანის მოვლის საშუალებებისა და მაკიაჟის მიმართ ან აქვეყნებენ ვიდეოებს სათაურით „მომემზადეთ ჩემთან ერთად“ ან „სკოლის შემდეგ“, სადაც კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების პარალელურად, დღის გეგმებზე საუბრობენ.
გოგონებისთვის განკუთვნილი კანის მოვლის საშუალებები სიახლე არ არის, თუმცა BBC-ი ყურადღებას ამახვილებს ახალ, საგანგაშო ტენდენციაზე, რომელსაც პირობითად „კოსმეტიკორექსია“ შეარქვეს. სოციალური მედიის (განსაკუთრებით TikTok-ისა და Instagram-ის) გავლენით, სულ უფრო პატარა ასაკის გოგონები ზედმეტად ინტერესდებიან კანის მოვლის რთული პროცედურებითა და ძვირადღირებული პროდუქტებით.
ბავშვები იყენებენ დაბერების საწინააღმდეგო ისეთ ძლიერმოქმედ საშუალებებს როგორებიცაა რეტინოლი, ჰიალურონის მჟავა და სხვა აქტიური მჟავები. ეს პროდუქტები ზრდასრული ადამიანის კანისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად, ბავშვის ნაზ კანზე გამოყენებისას ხშირად იწვევს ალერგიას, გაღიზიანებას, დამწვრობას და კანის დამცავი ბარიერის დაზიანებას.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არასრულწლოვანი ინფლუენსერი საკუთარ თავს ამა თუ იმ ბრენდის ელჩადაც მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიების მხრიდან დიდად წახალისებული არ არის. გოგონები ისეთი ბრენდების პროდუქციას უწევენ პოპულარიზაციას, როგორებიცაა Bubble, Drunk Elephant და P. Louise, ასევე, კორეული პოპ-კულტურის (K-Pop Demon Hunters) თემატიკაზე შექმნილი კანის მოვლის ნაკრებებს, რომლებიც განკუთვნილია „ბზინვარების გამაძლიერებელი რუტინისთვის“.
არსებობს უამრავი მცირეწლოვანი გოგონა, რომელთა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილსაც კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინა წარმოადგენს. კანის მოვლის ბრენდის Pai-ს მიერ 1500 მოზარდზე (9-დან 12 წლამდე) ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ყოველკვირეულად იყენებს კანის მოვლის რამდენიმე პროდუქტს, ხოლო ამ ჯგუფის ნახევარი აღნიშნავს, რომ ამ საშუალებებს „პრობლემური კანის“ გამოსასწორებლად მიმართავს.
სოციალური მედიის პლატფორმებზე არსებული კონტენტით სტიმულირებული თავის მოვლის საშუალებების ინდუსტრიის განუწყვეტელი ზრდის ფონზე, ისმის კითხვა: არის ეს უწყინარი გართობა, თუ გოგონებს მყარად უყალიბდებათ აზრი, რომ მათ გარეგნობას რაღაც ნაკლი აქვს?
მარეგულირებელი ორგანოები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს ტრენდი ბავშვებში ძალიან ადრეულ ასაკში აჩენს სხეულის დისმორფიის (საკუთარი გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილების) ნიშნებს. გოგონები იწყებენ ნერვიულობას „დაბერებაზე“ და „კანის დეფექტებზე“ მაშინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში დადიან, რაც მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.
„30 და 40 წელს გადაცილებული ქალები დიდი ხანია კანის მოვლის კომპანიების სამიზნეს წარმოადგენენ, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დაბერება პრობლემაა და გვთავაზობენ მისი გადაჭრის გზებს. ზუსტად ასეთივე ზეწოლის ქვეშ ახლა უკვე მცირეწლოვანი გოგონებიც ექცევიან“, – აღნიშნავს კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სოციალური მედიის მკვლევარი ბრუკ ერინ დაფი.
