LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​​შეუძლია თუ არა ციფრულ ტყუპისცალს „სუპერთანამშრომლად“ გაქციოთ?

140
ციფრული ტყუპისცალი

ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად მარტივი იქნებოდა ცხოვრება, ნებისმიერი რთული გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შედეგების წინასწარ ნახვა რომ შეგვეძლოს, იქნება ეს რთული ქირურგიული ოპერაცია, ქალაქის ინფრასტრუქტურის შეცვლა თუ კოსმოსური ხომალდის მართვა. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურ სამყაროში შეცდომა ხშირად ძვირად ფასობს, ​სწორედ აქ შემოდის თამაშში „ციფრული ტყუპისცალი“ (Digital Twin) – ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერულ ფანტასტიკასა და რეალობას შორის ზღვარს შლის. ეს არ არის უბრალოდ კომპიუტერული მოდელი, ეს არის ფიზიკური ობიექტის თუ პროცესის ციფრული ანალოგი, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, რა მოხდება მომავალში.

​BBC-ის წინამდებარე სტატიაში განხილულია, როგორ გარდაქმნის ეს ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურობას:

„ციფრული რიჩარდი“ AI ტყუპისცალია, რომელსაც ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანიის „Bloor Research“ მთავარი ანალიტიკოსი რიჩარდ სკელეტი ბოლო სამი წლის განმავლობაში ქმნიდა. „ციფრული რიჩარდი“ ორგანზომილებიანია, თუმცა ის ჩვეულებრივი ჩათბოტი არ არის. მან იცის ყველაფერი, რაც იცის ნამდვილმა რიჩარდმა. ის შეიქმნა როგორც მცირე ზომის ენობრივი მოდელი, რომელმაც ChatGPT-ის გამოყენებით დაამუშავა რიჩარდის ყველა შეხვედრა, სატელეფონო საუბარი, დოკუმენტები, პრეზენტაციები და სხვა მასალა. თუმცა შემდეგ ისე დაიხვეწა, რომ სკელეტის აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის სტილის გამეორება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული რიჩარდის“ საფუძველზე ციფრული ტყუპისცალები „Bloor Research“-ის 50 კაციანი გუნდისთვისაც შეიქმნა დიდი ბრიტანეთის, ევროპის, აშშ-ისა და ინდოეთის მასშტაბით. მაგალითად, ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, რომელიც პენსიაზე გასვლას გეგმავდა, შეძლო, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად განეხორციელებინა – მისმა ციფრულმა ტყუპისცალმა მისი სამუშაო დატვირთვა ნაწილობრივ შეითავსა. ასევე, კომპანიამ მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი წევრის ციფრული ტყუპისცალი გამოიყენა მისი დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, დროებითი თანამშრომლის აყვანის ნაცვლად.

„Bloor Research“-ში ციფრული ტყუპისცალის წარმატებით გამოყენების შემდეგ, აღნიშნული ტექნოლოგიის ტესტირება კიდევ 20-მდე კომპანიამ დაიწყო. სავარაუდოდ, თანამშრომლების ციფრული ტყუპისცალის მოსურნე კომპანიების რაოდენობა წლის ბოლომდე მხოლოდ გაიზრდება. „თუ დღეს ეფექტიანად ოპერირება გსურთ, „ციფრული მე“ უკვე არჩევანი აღარ არის – ის სამუშაო პროცესის ნაწილად იქცევა“, – აღნიშნავს სკელეტი.

ციფრული ტყუპისცალისადმი ინტერესის ზრდას ხელს შეუწყობს გავრცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ Meta კომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის AI ვერსიის შექმნაზე მუშაობს.

რამდენადაც კომპანიებისთვის ციფრული ტყუპისცალი, შესაძლოა, იდეალური შესაძლებლობა იყოს თანამშრომელთა პროდუქტიულობას გასაზრდელად, იმდენად ბევრ კითხვას აჩენს ეს ტექნოლოგია – ვის ეკუთვნის AI ციფრული ტყუპისცალი – დამსაქმებელს, თუ დასაქმებულს? უნდა მიიღონ თუ არა უფრო მაღალი ანაზღაურება ციფრული ტყუპისცალის მქონე თანამშრომლებმა? ვის უნდა ჰქონდეს წვდომა კონკრეტული პირის ციფრულ ტყუპისცალზე? ვინ არის პასუხისმგებელი, თუ ციფრული ტყუპისცალი შეცდომას დაუშვებს?

სკელეტის თქმით, „Bloor Research“-ის პოზიცია საკუთრებისა და ანაზღაურების საკითხზე „ძალიან მკაფიოა“: AI ციფრული ტყუპისცალი ფიზიკურ პირებს უნდა ეკუთვნოდეთ, რათა მისგან მეტი სარგებლის მიღება შეძლონ, ხოლო კომპანიებმა მათი გამოყენებისთვის უნდა გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ „Bloor Research“-ში თანამშრომლები ანაზღაურებას იღებენ არა სამუშაო საათების, არამედ მიღწეული შედეგების მიხედვით. ამგვარად, მათ ციფრული ტყუპისცალი, მეტი სამუშაოს შესრულების საფუძველზე, მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

„Bloor Research“-ისგან განსხვავებული მიდგომა აქვს HR ლიდერებზე ორიენტირებულ საკონსულტაციო კომპანიას „The Josh Bersin Company“. მისმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოშ ბერსინმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო საკუთარი 50 თანამშრომლისთვის ციფრული ტყუპისცალების შექმნა.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს ქვეყნებში, შრომითი კონტრაქტების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრება ან ინფორმაცია, რომელიც კომპანიაში მუშაობის პერიოდში იქმნება, ეკუთვნის კომპანიას და არა ინდივიდს“, – ამბობს ბერსინი – „მაგრამ ლოგიკურად რომ შევხედოთ, თუ ადამიანი ტოვებს კომპანიას, მისი ციფრული ტყუპისცალის ღირებულება დროთა განმავლობაში იკლებს, რადგან პროცესები ცვალებადია, ტყუპისცალი კი ორიგინალის გარეშე არ ახლდება. აქედან გამომდინარე, გარკვეული დროის შემდეგ, ციფრული ტყუპისცალი, შესაძლოა, იმდენად სასარგებლო აღარ იყოს.“

იურისტებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, როგორ უნდა განახლდეს შრომითი სამართალი, რათა ციფრული ტყუპისცალების გამოყენება თანმიმდევრულად დარეგულირდეს. თუმცა ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციები აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებლები და თანამშრომლები ციფრული ტყუპისცალების გამოყენების პროცესში მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკების წინაშე აღმოჩნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g