LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსში გაჭრილი ბიჭი – ვინ არის და რას ყვებიან ახლობლები 9 წლის წალენჯიხელ გენიოსზე [ვიდეო]

6021
67155063-2341515336063879-3320299557086035968-n

წალენჯიხელი ბიჭის, 9 წლის ქაიან ბელქანიას ერთმა ვიდეომ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. მანამდე ქაიანი მხოლოდ ოჯახს და მეზობლებს აკვირვებდა. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ვიდეო სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინა და აქედან დაიწყო ყველაფერი…

მეოთხეკლასელი ქაიან ბელქანია სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მამა თურქია, დედა – ქართველი. თავად საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა. მან სამყაროს შეცნობა სკოლის ბიბლიოთეკიდან დაიწყო.

“მეზობლის გოგო ამეცადინებდა და მაშინ დაინტერესდა კოსმოსით, მას შემდეგ კითხულობდა ყველანაირ წიგნს ამ საკითხზე. თვითონ ისწავლა ყველაფერი. ინტერნეტი აქამდე არ ჰქონდა, რაც შემოვიყვანეთ სახლში, “იუთუბში” შედის და იქიდან იღებს ინფორმაციას. ხაზებს ავლებს, ხატავს რაღაცეებს”, – ამბობს “ფორტუნასთან” მისი დედა.

როდესაც მისმა დედამ იზა ბელქანიამ შვილის ასეთი ინტერესი დაინახა, სახლში ინტერნეტი შეიყვანა და კომპიუტერიც შეიძინა.

ამის შემდეგ ინფორმაცია და შესაბამისად ინტერესიც, უფრო მეტად გაიზარდა…

უმეტესობა ვერ იგებს რაზე საუბრობს ქაიანი, თუმცა ის ნებისმიერ საკითხზე ჭკვიანურად აფრქვევს თავის აზრებს. როგორც “ფორტუნასთან” ოჯახის ახლობელი ასმათ ჩიქობავა ყვება, თავიდან ბავშვის საუბარი, მხოლოდ მისი ფანტაზია ეგონათ, რადგან ყველას არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა.

“რასაც ყვებოდა ბავშვი, სისწორეში არ ვიყავი დარწმუნებული. რადგან სკოლა დუმდა, ვიფიქრე ბავშვი რაღაცას იგონებდა. სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოაქვს ეს სიტყვები, ტერმინოლოგია… საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა” – ყვება ასმათ ჩიქობავა.

ქაიანი სხვა საგნებსაც კარგად სწავლობს. მოსწონს ენები, თუმცა იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ მასწავლებელთან იაროს. ყველაფერს სამყაროში კოსმოსთან აკავშირებს, აქვს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხებს ვერ იღებს.

 

ვიდეო, რომლითაც ქაიან ბელქანია პოპულარული გახდა:

 

ბიჭი თავიდანვე ამჟღავნებდა ცოდნას, როგორც კოსმოსის ასევე, სხვა მეცნიერებების მიმართ, თუმცა როგორც მისი დედა ამბობს, სანამ მისი ვიდეო პოპულარული არ გახდა, მანამდე არც სკოლიდან და არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაინტერესება არ მოჰყოლია.

“ახლა ყველა გვირეკავს, მოდიან, ყველა დაინტერესდა…” – ამბობს ბიჭის დედა “ფორტუნასთან”.

ოჯახს საშუალება არ აქვს, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ბავშვის ნიჭს სწორი მიმართულება მისცენ. 

ახლა ქაიანი გადაღლილია და ამდენი ყურადღების გამო, გამძაფრებული ემოციური ფონი აქვს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ბავშვით როგორც განათლების სამინისტრო, ასევე სხვა სტრუქტურებიც დაინტერესდებიან. ასევე, სურვილი აქვთ ის ფსიქოლოგთან მიიყვანონ, რომ ამდენი ინფორმაცია, სიახლე, ცვლილებები და ყურადღება მასზე არასწორად არ აისახოს.

magti 5g