კრაკოვის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. ის ნამდვილად ამართლებს ასეთ საზეიმო სახელწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სამხრეთში მდებარე ეს საკმაოდ მსხვილი ქალაქი დიდი ხანია აღარ არის ქვეყნის დედაქალაქი, მასში დარჩა ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის დამახასიათებელი ღირსება და სილამაზე. სამეფო პეწი კი ყოველ ნაბიჯზეა.
კრაკოვის რაიონები
კრაკოვი 18 ნაწილად იყოფა, რომლებიც ოფიციალურად აღნიშნულია რომაული ციფრებით, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ისტორიული სახელებით მოიხსენიებენ. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა თავმოყრილია რაიონ I-ში, ძველ ქალაქში. ტურისტები ძირითადად აქ ჩერდებიან, რათა ფეხით მივიდნენ ნებისმიერ ცენტრალურ წერტილამდე.
გარშემო რაიონები კი ძირითადად ახალმშენებლობეს, რელიგიურ ძეგლებს და პარკებს წარმოადგენს. მწვანე ზონით საინტერესოა VII რაიონი ზვეჟინეცი. პოდგუჟეს რაიონში ნახავთ უჩვეულო არქიტექტურას, მაგალითად იულიას ვილებს.
რამდენიმე სასახლე, მათ შორის კიხმაიერების ან ვოძიცკების, პოპელის კარ-მიდამო და სტალინური არქიტექტურის ნიმუშები მდებარეობს ნოვა ხუტაში. ეს ადგილი სიმშვიდით არ გამოირჩევა, ხშირია ქუჩის ქურდობები და ამიტომ აქ დღის სინათლეზე მისვლა ჯობს.
ტრანსპორტი
ძველი ქალაქი პრაქტიკულად მთლიანად საფეხმავლოა, დანარჩენი ისტორიული ცენტრის ფარგლებში კი მარტივია ფეხით გადაადგილება: დიდი არ არის, ხოლო ქუჩები ძალიან ლამაზია. ასე რომ, ბევრ ტურისტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება არც დასჭირდეს.
მიუხედავად ამისა, ტრანსპორტი საკმაოდ განვითარებულია. მეტრო არ არის, მაგრამ დატოტვლილი ავტობუსის ქსელია, 20 ტრამვაის ხაზი და საგარეუბნო-საქალქთაშორისო მატარებლები. ტრანსპორტი მკაცრად გაწერილი განრიგით დადის (5:00-დან 23:00 სთ-მდე). არის ღამის მარშრუტები, უფრო იშვიათად კი მოძრაობენ, მაგრამ რეგულარულად.
ქალაქში ძალიან ბევრი ტრამვაი დადის, გვიანობამდე მუშაობენ და დილით ადრე იწყებენ მუშაობას. ფაქტობრივად შუა ღამით ცოტა ხნით არ დადის. ასე რომ, თუ ქალაქის ცენტრს გვიანობამდე შერჩით, სანერვიულო არაფერია, ტრამვაი თითქმის სულ მუშაობს და ტაქსით მისვლა არ დაგჭირდებათ.
ტრამვაიში (ავტობუსშიც) ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ, თუმცა ამის შემოწმებელი არავინაა და არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მგზავრები უბილეთოდ ადი-ჩადიან.
ისე, ტაქსიც არც თუ ძვირია, ქალაქში მგზავრობა 25 ზლოტი დაგიჯდებათ (6:00-22:00 სთ). ღამე ფასები ორმაგდება.
კრაკოვში კარგად მუშაობს ველოსიპედების გაქირავების სისტემაც.
PLN 10 პოლონური ზლოტი 7.1616
შოპინგი და სუვენირები
ძველი ქალაქი ის ადგილია, სადაც კრაკოვის სუვენირებს ყიდიან. აქ არის ჩვეულებრივი მაღაზიები, დროებითი დახლები და ბაზრობები.
კრაკოვიდან ჩამოიტანთ ქარვას, მინის ნაკეთობებს, ხის ანგელოზებს, ვაველის დრაკონის ფიგურებს და სხვა. ცენტრალურ მოედანზე კი ადგილობრივ დელიკატესებს გადააწყდებით: კრაკოვის საკონდიტრო ფაბრიკის შოკოლადებსა და კანფეტებს. ასევე ძეხვეულს, ლუდს, ლიქიორს და ცნობილ არაყ „ზუბროვკას“.
კრაკოვში სუვენირების ყიდვის გარდა, შეგიძლიათ ნამდვილი შოპინგით დაკავდეთ. სავაჭრო ცენტრები და ბუტიკები ბლომადაა, ფასები კი არ იკბინება. ძველ ქალაქში რამდენიმე საინტერესო მაღაზიაა, თუმცა დიდი ცენტრები გარეუბნებშია. ფასდაკლებების სეზონი კათოლიკური შობის შემდეგ იწყება. ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მუშაობს დიდი აუთლეტი, სადაც მუდმივად არის ფასდაკლებული საქონელი.
ქალაქის მთავარ მოედანზე კი ქალაქის მთავარი ბაზრობა-ღირშესანიშნაობაა (Rynek Glowny). აქ სიძვირე შეინიშნება და უფრო სუვენირები და ლამაზ-ლამაზი საოჯახო ნივთებია თავმოყრილი.
კრაკოვში საკმაოდ განვითარებულია პატარ-პატარა ბაზრები. ასეთ ადგილებში თუნდაც ხილი ბევრად იაფია, ვიდრე ტურისტულ ადგილებში. ეს ბაზარი კი ჩვენთან მეტროსადგურებთან რომ არის დაახლოებით ისეთია: მარწყვი, ქოში და მაგიდის გადასაფარებელი კლიონკა ერთად იყიდება (ბუნებრივია ათასი სხვა რამეც).
ამის უთქმელობაც ვერ იქნება: ძალიან მაგარია გალერია კრაკოვსკა (Galeria Krakowska). ეს თბილისის ცენტრალის მსგავსია. სადგურისა და სავაჭრო ცენტრის ნაზავია. ოღონდ თბილისი მოლს საგრძნობლად აღემატება და ისეთი ბრენდებიცაა, რომელიც ჯერ ჩვენში არ შემოსულან. ჩვენნაირი ტურისტი უფრო სეილმიწერილ მაღაზიებს უნდა მიეტანოს, სადაც თუ სეილია მართლაც რომ სეილია.