„კრედომ“ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 23 მილიონ დოლარიანი მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ”ფორტუნას” „კრედოდან“ აცნობეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ოთხწლიანი სესხის მიზნობრიობას საქართველოს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ „კრედოსთან“ დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები, მხარს ვუჭერთ ქართველ ფერმერებს და მზად ვართ ხელი შევუწყოთ საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, მოხარულები ვართ, რომ გავაფართოვეთ თანამშრომლობა აზიაში Access Microfinance Holding-ის ქსელთან,“ – განაცხადა ADB-ის მთავარმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.
როგორც „კრედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ აღნიშნა, ისეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB), მნიშვნელოვანია „კრედოსთვის“.
„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში.ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, განვითარებისთვის საქართველოს რეგიონებში“, – განაცხადა ფირცხელავამ.
„კრედო“ საქართველოს ტერიტორიაზე 59 ფილიალს მოიცავს და 190 ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანია კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს, ხარისხიან და სწრაფ ფინანსურ მომსახურებას და მრავალწლიან გამოცდილებას სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში. „კრედო“ სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა. კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (გერმანია), responsAbility Investments AG (შვეიცარია) და Triodos Investment Management BV (Triodos) (ნიდერლანდები)-სგან შედგება.