კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება.
„არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით”, – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.
როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.
“დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას”, – ამბობს იეპე კოფოდი. მანვე განაცხადა, რომ „დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”.