LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია – გიორგი გახარია

119

“კრიმინალური პოლიციის კომპონენტი გახლავთ ხერხემალი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის. სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პრობლემებს შორის სპეციალიზაციის არარსებობა დაასახელა. მინისტრის ინფორმაციით, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა დაწყებულია. მინისტრმა უახლოეს მომავალში უბნის ოფიცრის თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადებაც დააანონსა.

“რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, დღეს ამ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია. მდგომარეობა არის შემდეგი – ფაქტობრივად თანამდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერ თანამშრომელი ან გამომძიებელი, თითქმის არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის, შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის, ამიტომ პირველ რიგში ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა, გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს და რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ.

რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც გვაქვს, ეს არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, უახლოეს პერიოდში უკვე ახალი სახელით და განახლებული ფუნქციებით, ეს გახლვათ უბნის ოფიცერი. ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს მათი სამოქმედო გეგმა.

თბილისის მასშტაბით ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის და საშუალება ექნებათ ამ ვაკანტურ პოზიციებზე მიიღონ  მონაწილეობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

magti 5g