გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა” ბავშვთა კვების წარმოების განახლებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანიაში პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხებს ითვლიან, ამასთან დაფინანსების მოსაპოვებლად ”კულა” სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც აპირებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, პროექტის დაწყება 2017 წელს იგეგმება. ”თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, ვაპირებთ ბავშვთა კვების ხაზი ავამოქმედოთ. ”კულა” ამ მიმართულებით წლების წინ მუშაობდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ბავშვთა ხაზი შევაჩერეთ. ვითვლით ხარჯებს, თუ რა დაჯდება ახალი საწარმოო ხაზის მონტაჟი. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ”კულას” ბრენდის ქვეშ ბავშვთა საკვები ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდება”, – აღნიშნა გოგლიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია საწყის ეტაპზე, საბავშვო წვენებისა და ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების დაახლოებით 15-მდე სახეობას გამოუშვებს. პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მასშტაბით, დიდ სავაჭრო და სააფთიაქო ქსელებში განხორციელდება.
როგორც ”კულას” დამფუძნებელმა განმარტა, ბავშვთა საკვების ღირებულება საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება და კომპანია შეეცდება, ამ მიმართულებით, იმპორტირებული პროდუქცია ჩაანაცვლოს.
ცნობისთვის, გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანია ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს.