LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აწესებს

218
1

საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდება.

ფესტივალის მთავარი მიზანი, საერთაშორისო მასშტაბით ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია და ქართული საზოგადოებისთვის უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობაა. 

პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და ფესტივალის დაფუძნება გადაწყვიტა.

ფესტივალი პირველად წელს, შემოდგომაზე გაიმართება, პრემია კი გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა.

“2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია”. – თქვა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ პერფორმანსები.

შეგახსენებთ, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 20 აპრილს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

magti 5g