თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებით მომსახურების მენიუს შესაბამისად, ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტი დაინერგება.
აღნიშნული ხარისხს კომპანია “ელიფი” უზრუნველყოფს, რომელმაც გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.
კომპანია „ელფის“ წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს, თავად უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური დასუფთავება და საკვები პროდუქტების ნარჩენების ყოველდღიური გატანა სპეციალიზებული ჭურჭლით, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სისუფთავე კვების ბლოკში, ყოველთვიურად ჩაატაროს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია.
გამარჯვებული კომპანია კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებასა და ობიექტის გამართულად ფუქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას უზრუნველყოფს;
ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარე(-ები), დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კორდინატორი).
„ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბაღების კვებითი მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლის კუთხით. პრაქტიკა ბევრ რამეს გამოაჩენს, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული იქნება ბაღებში კვებითი მომსახურება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.