LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 მაისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3552
მიხეილ ცაგარელი

ამ კვირიდან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის, რაც ყველასთვის საგრძნობი იქნება, რადგან ჯანმრთელობა უფრო მდგრადი, განწყობა კი უკეთესი ხდება, მოიმატებს ემოციური სტაბილურობა და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა.

თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 16 მაისს, რადგან ამ დღეს ახალმთვარეობაა – არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, მშვიდად აარიდეთ თავი პროვოკაციებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ვერძი – ეს პერიოდი წინანდელთან შედარებით ბევრად მშვიდი და სტაბილურია; სერიოზული ცვლილებების პერიოდია, სადაც ბევრ საკითხს ახლებურად დაინახავთ, თქვენს გარშემო მეტად იტრიალებენ ახალი მოვლენები თუ ენერგიები, შესაძლოა გონებაში გაჩნდეს ორიგინალური იდეები ან შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგაწვდიან და ახლებურად დაგანახებენ გარკვეულ იდეებს. ძალიან კარგი პერიოდია კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც. ამასთან, კარგი იქნება დაგეგმოთ მნიშვნელოვანი რეფორმები როგორც საქმეში, ისე სახლში, რაც ფინანსურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.

კურო – კვირის მთავარი ფავორიტი უდავოდ კუროა, რომელსაც ეძლევა შანსი გამოიჩინოს თავი ბიზნესში, იპოვოს შემოსავლის ახალი წყაროები და წარმატებით წარმართოს პირადი ურთიერთობები, მათ შორის ქორწინებაც. საკმაოდ აქტიური პერიოდი გაქვთ – გაჩნდება ახალი პერსპექტივები, მათ შორის კარიერული განვითარების კუთხით. პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება ფრიად ნაყოფიერი. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და საგრძნობლად გააძლიერებთ თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში.

ტყუპები – სიტუაცია ამ კვირიდან ნელ-ნელა უმჯობესდება, იმუნიტეტი მდგრადი ხდება, ენერგია და ემოციური სტაბილურობა ცოტათი, მაგრამ გემატებათ, აქედან გამომდინარე, თავს კარგად იგრძნობთ, თქვენს სიტყვებს სულ სხვა ელფერი მიეცემა, გახდებით უფრო მეტად მებრძოლი უსამართლობის წინააღმდეგ, მეტად დაიცავთ სუსტ ადამიანებს და აქტიურად იმოქმედებთ სოციალურ ღონისძიებებში. შესაძლოა მოულოდნელი მგზავრობის ან ადგილსამყოფლის შეცვლის წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენს ხასიათში მოიმატებს რომანტიზმი, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესების ალბათობა ერთიორად მოიმატებს, თუმცა აუცილებლად გმართებთ სიფრთხილე, რათა საიდუმლოებები არ გასცეთ და ინტრიგებს თავი აარიდოთ.

კირჩხიბი – კირჩხიბებისთვის ჰარმონიული პერიოდია, სადაც მძლავრი ინტუიცია და საიდუმლო მფარველები დაეხმარებიან გეგმების რეალიზაციაში. ამ კვირაში თქვენი  ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური, ენერგიული ხდებით. შესაძლოა მიიღოთ ახალი, საინტერესო შემოთავაზებები, მაგრამ უმჯობესია ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ. ასევე, ეცადეთ ფინანსურ ავანტიურებში არ ჩაერთოთ. საკმაოდ საინტერესო პერიოდია ფინანსური კუთხით, თუკი არ მიიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და მეტად დაუგდებთ ყურს კომპეტენტურ ადამიანებს. კარგი დროა აქტიური კონტაქტებისთვისა და რეფორმებისთვის.

ლომი – საკმაოდ მშვიდი პერიოდია, თანდათან სიტუაცია უმჯობესდება, უფრო თავისუფალი ხდებით თქვენს მოქმედებებში, ასევე, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. შესაძლოა ახალი პროექტები დაიწყოთ, ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე და გარკვეულწილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. საკმაოდ ძლიერ და ნებისყოფიან ადამიანებს მოიზიდავთ, შესაძლოა საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტიც კი ჩამოყალიბდეს. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, მით უფრო წინ წაიწევთ კარიერული განვითარების კუთხით.

ქალწული – საკმაოდ კარგი პერიოდია – აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, პოზიტიური და საინტერესო. თქვენთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ფინანსური წყაროების მოძიების კუთხით. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფრიად შრომისუნარიანი ხდებით, რაც მეტად წარმატებული იქნება მატერიალური დივიდენდების მიღების კუთხითაც. შეიძლება ითქვას, რომ ქალწულებისთვის მასშტაბური პროფესიული ცვლილებების დროა, სადაც ფრიად წარმატებული იქნება როგორც უცხოელებთან პარტნიორობა, ისე მგზავრობა და ახალი ცოდნის მიღება.

სასწორი – ეს კვირა წინა პერიოდთან შედარებით ბევრად უკეთესია, რადგან ემოციურად უფრო მშვიდი ხართ. მოსალოდნელია საინტერესო მგზავრობა და კონტაქტები არაორდინალურ ადამიანებთან ან უცხოელ პარტნიორებთან, რაც ახალი შემოქმედებითი პროექტების რეალიზაციაში დაგეხმარებათ. შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობები ან ძველი ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანოთ. თუმცა, სამყარო კვლავ გთხოვთ „ენაზე კბილის დაჭერას“,  ნუ გათქვამთ საიდუმლოებებს და იმოქმედეთ ჩუმად, ასე გაცილებით წარმატებული იქნებით.

მორიელი – ეს პერიოდი დასამახსოვრებელი იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრებით, კონტაქტებითა და საინტერესო მოვლენებით. შესაძლოა მოხდეს მოულოდნელი ცვლილებები სახლში, რაც ზოგ შემთხვევაში ბინის შეცვლას ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება. ამ პროცესებში იქნებით საკმაოდ ჩართული. მიუხედავად თავდაპირველი შიშებისა, ეს ცვლილებები საბოლოოდ მეტ კომფორტს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ეცადეთ პრობლემური სიტუაციები მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისებით მოაგვაროთ. ასეთი მიდგომა თქვენი წარმატების საფუძველია. სხვათა შორის, ეს პერიოდი ქორწინებისთვისაც კარგია.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, წინა პერიოდთან შედარებით, კვირა უფრო მშვიდი და ნაყოფიერია. მოგეცემათ საშუალება საინტერესო ღონისძიებებში ჩაერთოთ, ახალი საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ, აწარმოოთ მოლაპარაკებები, მოკლედ, ამ პერიოდში თქვენი საზოგადოებრივი აქტივობა კარიერული წინსვლის პერსპექტივას შექმნის. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც თქვენს პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს. მთავარია, აკონტროლოთ ზედმეტი ამბიცია და სიამაყე.

თხის რქა – პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციური სტაბილურობა მატულობს, რაც განსაკუთრებით ბიზნესპროექტებსა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე აისახება. ძალიან საინტერესო საქმეს შეიძლება მოკიდოთ ხელი, ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად ახალ საქმესაც კი, გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა აღმოაჩინოთ ისეთი ნიჭი, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ. ეს პერიოდი ხელსაყრელია გარეგნობის შესაცვლელად და ვიზუალური იმიჯის გასაუმჯობესებლად, რაც კონკურსებსა თუ შეჯიბრებებში წარმატებას მოგიტანთ. უმჯობესდება შვილებთან ურთიერთობა. ასევე, თხის რქებო, სიყვარულის დროა, სასიყვარულო კონტაქტებისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

მერწყული – წინა პერიოდთან შედარებით, ეს კვირა გაცილებით უკეთესია, მეტი შესაძლებლობები გეძლევათ იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი და უნარი გამოავლინოთ. ამასთან ერთად, მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები თქვენს გეგმებსა და მსოფლმხედველობაში. მოგიწევთ სწრაფი ადაპტაცია გარკვეული ახალი სიტუაციების მიმართ, თუმცა სპონტანური იმპროვიზაცია თქვენ არ გიჭირთ, მეტიც, თქვენი გონებამახვილობა დაგეხმარებათ რთული პრობლემების მოგვარებაში და პოპულარობის მოპოვებაში. კარგი დროა როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

თევზები – საკმაოდ კარგი და საინტერესო პერიოდია, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ იმოქმედოთ სწორად. აქტიურად მოქმედებთ და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ ოჯახში, კარგი პერიოდია სახლში დიზაინის შესაცვლელად ან ბინასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ზოგადად ამ პერიოდში გექნებათ სურვილი რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, რაც არა მხოლოდ პირად საკითხებში, არამედ ბიზნეს ურთიერთობებშიც აისახება. კარგი დროა სწავლისთვის, საჭირო ინფორმაციის მისაღებად, შესაძლოა საინტერესო ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ, გააქტიურდება კონტაქტები მეგობრებთან. ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, რაც იქნება თქვენთვის ფრიად ნაყოფიერი. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დაძაბულად შეიძლება მოგეჩვენოთ, თქვენი აქტიურობა შედეგს გამოიღებს.

გეომაგნიტური დღეები – 11, 14, 16 და 17 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები