პადუას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ დაადგინა, რომ ვენეციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – ფრთოსანი ლომის ქანდაკება, რომელიც სან-მარკოს მოედანზე დგას, რეალურად ჩინეთშია შექმნილი და ევროპაში დიდი აბრეშუმის გზით მოხვდა. სიახლის შესახებ CNN-ი წერს.
სპეციალისტებმა დეტალური ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ქანდაკება თავდაპირველად ტანის დინასტიის (VII–IX სს.) დროინდელ საფლავთა მცველ მითოლოგიურ არსებას წარმოადგენდა. მეცნიერების აზრით, ლომს ოდესღაც რქებიც კი ჰქონდა და უფრო მეტად ე.წ. ჩჟენმუშოუს(მითოლოგიური პერსონაჟი) ჰგავდა, ვიდრე ვენეციურ ფრთოსან ლომს.
ადრეულ პერიოდში ისტორიკოსები ფიქრობდნენ, რომ ქანდაკება მესოპოტამიური და სპარსული გრიფონების შთაგონებით შეიქმნა, თუმცა ახალი კვლევა სულ სხვა რამეს ადასტურებს. იზოტოპურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ქანდაკება ჩამოსხმულია იანგცის აუზში მოპოვებული სპილენძის მადნისგან, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ჩინურ წარმოშობას.
არსებობს ვერსია, რომ ქანდაკება ვენეციაში ნიკოლო და მაფეო პოლოს – მარკო პოლოს მამასა და ბიძას – ჩამოუტანიათ. სწორედ მათ შეეძლოთ მისი ევროპაში გადმოტანა აბრეშუმის გზის მეშვეობით.
ვენეციის ფრთოსანი ლომი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა პოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლოს და ვენეციის რესპუბლიკის დროშაზეც იყო გამოსახული. თუმცა, ისტორიულ წყაროებში მისი წარმომავლობა თითქმის არ მოიხსენიება.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ ზუსტად, როდის ჩამოიტანეს ქანდაკება ვენეციაში, ვინ და როგორ გადააკეთა იგი ფრთოსან ლომად და როდის დაიდგა სან-მარკოს მოედანზე,“ – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა მასიმო ვიდალემ.
