რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ კლინიკური მენეჯერი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ბაკურაძე სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში ისაუბრა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ამ პროცესში პრე-ანალიზური ფაზის მნიშვნელობის შესახებ.
განმარტეთ რას ნიშნავს ლაბორატორიული კვლების პრე-ანალიზური ფაზა, რა არის ის და რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი?
ძალია მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ზოგადად ლაბორატორიული კვლევა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ლაბორატორიულ კვლევას ძალიან ხშირად ვადარებ მთვარის ბნელ მხარეს, რადგან რეალურად როდესაც პაციენტი მოდის ლაბორატორიაში, ის ვერ ხედავს რა ხდება ტესტის შეკვეთის შემდგომ თუ რა ეტაპები სრულდება, ამიტომ ეს მარტივად არის აღქმული მხოლოდ ანალიზატორებთან არის დაკავშირებული, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ლაბორატორიული კვლევა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან. ესენია პრე-ანალიზური ეტაპი, სანამ უშუალოდ სინჯი მოხვდება ლაბორატორიაში უშუალოდ ტესტირებისათვის.
შემდგომ უშუალოდ ანალიზატორების მიერ ჩატარებული ტესტირების პროცესი, რასაც ჰქვია ანალიზური ფაზა და მესამე ეტაპია პოსტ-ანალიზური ფაზა, ანუ როდესაც ლაბორატორია დაასრულებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობას და საჭიროა მიღებული შედეგის გადაცემა ექიმისთვის ან თავად პაციენტისთვის. საერთოდ სტატისტიკურად ცნობილია, რომ დაშვებული შეცდომები ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით აღინიშნება პრე-ანალიტიკურ ფაზაში, რადგან აქ არის ძალიან ბევრი ადამიანური ფაქტორი.
საუბარია პრე-ანალიზურ ფაზაზე, მაგრამ ლაბორატორიის თანამშრომლებს გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი ფაზა – პრე, პრე-ანალიზი, ანუ სანამ პაციენტი ლაბორატორიაში მივა რაღაცის შესაკვეთად და ეს ყველაფერი იწყება თავად ექიმიდან, ანუ ექიმმა სწორ დროს, სწორ სინჯში უნდა შეუკვეთოს სწორი პარამეტრი შემდგომი კვლევისათვის, რომ მიიღოს ინფორმაცია, პაციენტში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აქ რას გულისხმობთ?
მაგალითად გახსოვთ თქვენ კოვიდის პერიოდი. ამ დროს ძალიან ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტის მეზობელს დაუფიქსირდებოდა კოვიდი და პაციენტი თავად მიდიოდა ლაბორატორიაში ტესტირებისთვის. იქ სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო კონტაქტისას პაციენტის ინფიცირება, მაგრამ ჯერ კიდევ ვირუსის დონე ისეთი არ ყოფილიყო, რომ ლაბორატორიას მისი დადგენა შესძლებოდა.
ამ შემთხვევაში ლაბორატორია არაჩვეულებრივად ასრულებდა თავის როლს, გასცემდა უარყოფით პასუხს, მაგრამ პაციენტი რეალურად ინფიცირებული იყო, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს ლაბორატორიას დაეფიქსირებინა. ამიტომ იყო, რომ მეორე მესამე დღეს უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული. მაგალითად შაქარი გაიზომოს პაციენტმა, ამ დროს მოდის პაციენტი დილით, უზმო მდგომარეობაში, ანუ არ უნდა ჰქონდეს ნაჭამი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტი იღვიძებს დილის 6 საათზე, ლაბორატორიაში არ მიდის 11 საათამდე, ფიზიკურად ვერ მიდის და რეალურად ეს უზმო მდგომარეობა არ არის, ეს არის პათოლოგიური უზმო მდგომარეობა, გარკვეულ წილად შიმშილის მდგომარეობა.
ამ დროს ლაბორატორია სწორად აკეთებს ტესტს ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ხარისხის კონტროლის დაცვით. სწორედ იმ სინჯში, იმ მომენტში გლუკოზის რაოდენობა არის ის, რასაც ლაბორატორია გასცემს, მაგრამ ეს არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რადგან გაღვიძებიდან 1 საათის განმავლობაში მაქსიმუმ, მაინც უნდა იყოს პაციენტი მისული ლაბორატორიაში და არა 5 საათის შემდეგ, როდესაც ორგანიზმმა გაიღვიძა, პაციენტი დაიტვირთა ვარჯიშით, იქ უკვე ორგანიზმში დაიწყო შიდა პროცესები, გლუკოზის უტილიზაცია და ასე შემდეგ.

იგივე პროლაქტინის მაგალითი…
დიახ, ადრე, რამდენიმე წლის წინაც კი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ, რომ აუცილებელია პაციენტმა ეს ანალიზი აიღოს დილის 4 საათზე ნაკლები სტრესის ქვეშ, ეს მიდგომა შეიცვალა, ახლა უკვე დილით გაღვიძებისთანავე აუცილებლობაა პაციენტი მივიდეს ლაბორატორიაში პროლაქტინის ასაღებად. 4 საათზე ამ ანალიზის აღება სტრესი იყო, რადგან პაციენტს თითქმის არ სძინავს ამ დრომდე და ეს უკვე ამ ანალიზისთვის არანორმირებული მდგომარეობაა. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელია შეცდომები.
როდესაც პაციენტი მოდის ლაბორატორიაში, შესაძლოა პაციენტის არასწორი იდენტიფიკაცია მოხდეს , მოხდეს არასწორ სინჯარაში მასალის აღება, ასევე შესაძლებელია, რომ მოხდეს არასწორი სინჯის აღება… ეს უკვე მექანიკური შეცდომებია, რომლებიც დაიშვება. ამიტომაც სტატისტიკური მონაცემებით შემთხვევათა 60-დან 65 პროცენტამდე დაფიქსირებულია სწორედ პრე-ანალიტიკურ ფაზაში.
მაღალი მაჩვენებელია, პრაქტიკულად 10-დან 6-7 ადამიანამდე გამოდის რომ შეცდომას უშვებთ ამ პრე-ანალიტიკურ ეტაპზე…
გეთანხმებით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი…

ნინო, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ უკვე გაქვთ, როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ამბავს?
ეს არის მეტი უკუკავშირი ექიმ-კლინიცისტებთან, მეტი უკუკავშირი პაციენტებთან. არსებობს საინფორმაციო ბროშურები, სადაც ეს ყველაფერი არის გაწერილი, თუ პაციენტი როგორ უნდა მოემზადოს თითოეული კვლევისათვის. არსებობს დაუწერელი კანონი, რომ პაციენტი ლაბორატორიაში უნდა მივიდეს დილით უზმოზე, მოსვენებულ მდგომარეობაში, მედიკამენტი არ უნდა ჰქონდეს მიღებული.
როდესაც პაციენტი მიდის მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის, იქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ მას არ უნდა ჰქონდეს მიღებული ანტიბიოტიკი, ამ დროს არ უნდა ინიშნებოდეს კვლევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიამდე, რომ მივიღოთ ზუსტი, სწორი და საიმედო პასუხი. სწორედ ლაბორატორიული კვლევის შედეგზე დაყრდნობით იღებს ექიმი გადაწყვეტილებას. კვლევა ტექნიკურად შეიძლება იყოს ძალიან კარგად შესრულებული, მაგრამ იყოს არაინფორმატიული იმ მხრივ, რომ რაღაც არასწორად მოხდა პრე-ანალიზურ ფაზაში.
როდესაც პაციენტი მოდის ლაბორატორიაში, არის კითხვარი, რომელსაც ავსებს მიმღები განყოფილება. იგივე კვებასთან, მიღებულ მედიკამენტებთან, ორსულობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კვლევები, სადაც რომელიღაც მედიკამენტის მიღება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ პარამეტრზე. ამიტომაც აუცილებელია დეტალური ინფორმაციის შეგროვება სისხლის აღებამდე და შემდგომ ამ ინფორმაციის მიწოდება ლაბორატორიაში, რომ ლაბორატორიამ იცოდეს რა შესაძლო გავლენები შეიძლება არსებობდეს უშუალოდ სინჯზე, პარამეტრზე რომელსაც ვიკვლევთ. ეს საკმაოდ აქტიური პროცესია და ლაბორატორიასა, კლინიცისტებსა და პაციენტებს შორის უნდა იყოს აქტიური უკუკავშირი.
პრაქტიკა, რომელიც ხშირად გაგვიგია, რომ გადავამოწმოთ სხვა ლაბორატორიაში, მივიღეთ პასუხი, არ არის ლოგიკური, რასაც ელოდა და ახლა მოდი გადავამოწმოთ – რამდენად უპრიანია ასეთი დამოკიდებულება?
ვფიქრობ ექიმ-კლინიცისტს პირდაპირი კავშირი უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში ლაბორატორიასთან, ისევე როგორც, თუ ლაბორატორიამ დააფიქსირა რაიმე კრიტიკული პარამეტრი, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ექიმთან, რადგან მედიცინა ლაბორატორიული მედიცინის გარეშე არ არსებობს.