„პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით დეპუტატი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლითაც მთავრობას covid-შეზღუდვების შემოღების უფლების 2023 წლამდე გაგრძელება სურს. კახაძის თქმით, ახალი რეგულაციების დაწესება არ ხდება, უბრალოდ პარლამენტი უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
„მე მახსოვს და ალბათ ახალგაზრდებს ყველას გახსოვთ, 2019 წელი – აღმასვლა, დიდი იმედები ჩვენს ქვეყანაში; დღესაც საზომად რჩება 2019 წლის წარმატებები, წარმატებულად ჩატარებული ტურისტული სეზონი, დაძრული და ხელ-ფეხ-გახსნილი ბიზნესი, იმედიანი ხვალინდელი დღე. ზუსტად მაშინ, 2019 წელს უჰანში დაფიქსირდა ახალი ვირუსი და ჯერ არაფერი ვიცოდით რა უნდა გაეკეთებინა მაშინ. გავიდა ხანი და 3 კვირის შემდეგ თქვეს, რომ ეს ვირუსი საფრთხეს უქმნიდა დედამიწას.
2020 წლის 26 თებერვალს უკვე პირველი შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდა – იმ დღეს გავიკეთე ნიღაბი და მას შემდეგ არ მომიხსნია. გავიარეთ ვირუსის გავრცელების 5 ტალღა. პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს და მზადაა მუდმივად იმუშაოს ჟანგბადის (იდეების) დროულად მისაწოდებლად. მაშინ ადამიანის უფლებები წამოვიდა წინა პლანზე, იყო მკაცრი „ლოქდაუნები“, თუმცა მაშინ არ ვიყავით მზად, არ ვიცოდით რა იქნებოდა, საქმეში ჩაერთო სამედიცინო ინტელექტუალური სექტორი, გავიარეთ გადამზადება, ჰოსპიტალური სექტორის გადამზადება და ა.შ.“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
ცნობისთვის, თავდაპირველად „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, შემდგომ – 2021 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე. შედეგად, 1 იანვრიდან კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები აღარ იმოქმედებს.